თბილისი
ხუთ/27 აგვ./2026 04:30
თბილისი
Грузинский воинский дух в ледяном аду Березины (видео)

ქართული მხედრული გენი ბერეზინას ყინულოვან ჯოჯოხეთში (ვიდეო)

  1812 წლის ნოემბრის მიწურულს, ბელარუსის მიწაზე, მდინარე ბერეზინასთან, ნაპოლეონის „დიდი არმიის“ ნარჩენების განადგურებისა და გადარჩენისათვის უსასტიკესი ბრძოლა გაჩაღდა. ამ ისტორიულ ეპოპეაში, სადაც სამხედრო სტრატეგია და პირადი მამაცობა ერთმანეთს ერწყმოდა, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ქართველმა გენერლებმა და ოფიცრებმა. მიუხედავად იმისა, რომ ბოროდინოს გმირი, გენერალი პეტრე ბაგრატიონი უკვე გარდაცვლილი იყო, ბერეზინასთან მისი აღზრდილი და მისივე სულისკვეთებით ანთებული ქართველი მხედრები იბრძოდნენ.
  ოპერაციის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად გენერალ-ლეიტენანტი ივანე ფანჩულიძე (უფროსი) მოგვევლინა. ბერეზინაზე გადასასვლელების ბლოკირებისა და ფრანგული კორპუსების ალყაში მოქცევის დროს, ფანჩულიძის მეთაურობით მოქმედი კავალერია მოწინააღმდეგის ავანგარდს მუდმივ შიშში ამყოფებდა. მისი დივიზია დაუღალავად უტევდა უკანდახეულ ფრანგებს, ანადგურებდა მტრის კომუნიკაციებს და ხელს უშლიდა მათ ორგანიზებულ გადასვლას მდინარეზე. პანჩულიძის პირადმა მამაცობამ და ცხენოსანთა სწრაფმა, მანევრულმა იერიშებმა ფრანგ გენერლებს აიძულა თავდაცვით პოზიციებზე გადასულიყვნენ, რითაც მათ ძვირფასი დრო დაჰკარგეს.
 არანაკლებ შთამბეჭდავი იყო მისი ძმის, გენერალ-მაიორ სიმონ ფანჩულიძის (უმცროსის) მოქმედებები. ბერეზინას მიმდებარე ტყიან და ჭაობიან რელიეფზე, სადაც არტილერიის გამოყენება ჭირდა, მან შეძლო ჰუსართა და დრაგუნთა პოლკების ისე მანევრირება, რომ ფრანგების ფლანგური კონტრშეტევები სრულიად პარალიზებულიყო. მისი მეთაურობით მხედრები პირდაპირ ყინულოვან ჭაობებში უტევდნენ მტერს, რითაც აკვირვებდნენ ევროპელ სამხედრო ტაქტიკოსებს.
ამავე ბრძოლებში განსაკუთრებული სიმამაცით გამოიჩინა თავი გენერალ-მაიორმა სიმონ განგებლიძემ  ბერეზინასთან მიმდინარე სასტიკი ქვეითი შეტაკებების დროს, როდესაც ფრანგები სასოწარკვეთილად ცდილობდნენ ხიდების დაცვას, განგებლიძის ბრიგადამ უმძიმესი დარტყმა აიღო თავის თავზე. მან პირადად გაუძღვა ჯარისკაცებს ხელჩართულ ბრძოლაში, სადაც რამდენჯერმე დაიჭრა, თუმცა პოზიცია არ დაუტოვებია. მისი მედგარი წინააღმდეგობის წყალობით, მტერმა ვერ შეძლო გარღვევა იმ მიმართულებით, სადაც გადამწყვეტი საარტილერიო პოზიციები იყო განთავსებული.
ბერეზინას ბრძოლის ერთ ერთი გმირი გახლდათ ლევან იაშვილი – არტილერიის გენერალ-მაიორი (მოგვიანებით გენერალ-ლეიტენანტი). ის ხელმძღვანელობდა გენერალ ვიტგენშტეინის კორპუსის არტილერიას და თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა როგორც პოლოცკისა და სმოლენსკის, ისე უშუალოდ ბერეზინასთან გამართულ სასტიკ ბრძოლებში.
ბერეზინას ოპერაციაში ასევე ბრწყინავდა ახალგაზრდა ქართველი ოფიცრების, მათ შორის შალიკაშვილებისა და ბაგრატიონთა საგვარეულოს სხვა წარმომადგენლების სახელი, რომლებიც კავალერიის მოწინავე რიგებში იბრძოდნენ. ქართველი გენერლების გმირობა ბერეზინას ველზე არ იყო მხოლოდ ბრძანებების შესრულება; ეს იყო სამხედრო ხელოვნების, თავგანწირვისა და უბადლო მხედრული ნიჭის დემონსტრირება, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული საბრძოლო სული მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანეს არენებზე მუდამ გამორჩეული და ძლევამოსილი იყო.
ნიკოლოზ მჟავანაძე

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები