2026 წლის I კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით, 0.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.
უფრო კონკრეტულად, სებ-ის თანახმად, პირველ კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 826 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებიდან. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები 36.4%-ით გაიზარდა და 140.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი 17%-იანი წილით პირველ ადგილზეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.
სტატისტიკის თანახმად, გაზრდილია თურქეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლებიც, წლიურად 12.2% და 34.2%-ით და შესაბამისად, 120.1 და 45.3 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ასევე, 47.6%-ითაა გაზრდილი დანახარჯები საუდის არაბეთიდან.
ამას გარდა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, 13.4%-ით, 98.9 მლნ აშშ დოლარამდეა შემცირებული ისრაელიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსული მოგზაურების დანახარჯებიც. კერძოდ, 2026 წლის I კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 12.3%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:
- აზერბაიჯანი – 48.1 მლნ აშშ დოლარი;
- ბელარუსი – 16.2 მლნ აშშ დოლარი;
- თურქეთი – 120.1 მლნ აშშ დოლარი;
- ირანი – 9.7 მლნ აშშ დოლარი;
- ისრაელი – 98.9 მლნ აშშ დოლარი;
- რუსეთი – 124. 3 მლნ აშშ დოლარი;
- საუდის არაბეთი – 12.9 მლნ აშშ დოლარი;
- სომხეთი – 28.8 მლნ აშშ დოლარი;
- უკრაინა – 45.3 მლნ აშშ დოლარი;
- ევროკავშირი – 140.7 მლნ აშშ დოლარი;
- დანარჩენი ქვეყნები – 185 მლნ აშშ დოლარი.
ცნობისთვის, 2025 წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4.690 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.






