მის [პატრიარქ ილია II-ის] ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე, იმ დიდი ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ, აღორძინებისკენ და გადარჩენისკენ. სწორედ ამ ღვაწლის შედეგი და ნაყოფი იყო და არის ის საოცრება, რაც ჩვენ ვიხილეთ- ქართველი ხალხის პასუხი ამაზე, მის სიყვარულზე, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ [მუჯირი] პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, უფალმა ჩვენ გვანახა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა.
„განვლო 40-მა დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან და ჩვენ გვახსენდება ბიბლიიდან წმინდა მამამთავარი იოსები, რომელმაც თავის მამას, მამამთავარ იაკობს განუკუთვნა 40-დღიანი დაკრძალვითი მსახურება და გლოვა. ჩვენც, ამ 40 დღის განმავლობაში ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილობრივი მოვალეობა ამ პერიოდში. ეს დრო იქცა ჩვენთვის ალბათ, დამეთანხმება ყველა, რომ ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ჩვენი თავის, ასევე ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად. ის, რისი მომსწრენიც გავხდით, იმ უჩვეულო, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოფხიზლებაც და აღმავლობაც.
უფალმა ჩვენ გვანახა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს მისი სამწყსო და რომელიც მოსეს მსგავსად უჩვენებდა ჩვენ ერს, სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას და უნათებდა ამ გზას აღთქმული ქვეყნისკენ. ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანის, ნამდვილი მწყემსმთავარის, ნამდვილი მოძღვრის, რომელზეც ამბობდა წმინდა პავლე მოციქული, რომ „მე აღარ ვცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე“. აი, შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ დიახ, მის უწმინდესობასა და უნეტარესობაში, მის პიროვნებაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე. მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე, იმ დიდი ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ, აღორძინებისკენ და გადარჩენისკენ. სწორედ ამ ღვაწლის შედეგი და ნაყოფი იყო და არის ის საოცრება, რაც ჩვენ ვიხილეთ- ქართველი ხალხის პასუხი ამაზე, მის სიყვარულზე. დღემდე არ წყდება ის ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან. ყველა ასაკის, ყველა ფენის ადამიანს სურს გამოხატოს მისდამი სიყვარული და მადლიერება, და რაოდენ სასიხარულოა, რომ მრავლად არის ახალგაზრდობა მათ შორის, ვინაიდან მისი უწმინდესობის მზრუნველობა, სიყვარული, თავმდაბლობა ეფინებოდა ყველას განურჩევლად ასაკისა და სოციალური მდგომარეობის, თუ საქმიანობისა“, – განაცხადა მეუფე შიომ.






