9 აპრილიდან 9 აპრილამდე
1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომამ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა. ასე შეიძინა ორმაგი შინაარსი „9 აპრილმა“, რომელშიც გაერთიანდა როგორც 1989 წლის 9 აპრილის სისხლში ჩახშობილი თავდადება, ასევე 1991 წლის 9 აპრილის ტრიუმფალური გამარჯვება. მეტიც, ამ ორ „9 აპრილს“ შორის მომხდარმა მოვლენებმა დიდწილად განაპირობა საქართველოს ისტორიის მომდევნო 30 წლის ლოგიკაც: მოჯადოებულ წრეზე ტრიალი – ბრძოლა როგორც თავისუფლებისთვის, ასევე ერთმანეთთან შიდა დაპირისპირება.






