თბილისი ⛅ 3°
პარ/23 ოქტ./2026 14:37
თბილისი ⛅ 3°
Это действительно безчеловечно, не по божески и не по грузинский-Владимир Хомерики

ვლადიმერ ხომერიკი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს

პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი საქართველოს ხელისუფლებას კეთილგანწყობით მიმართავს და გულბაათ რცხილაძისა და დიტო ჩუბინიძის საქმეებთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესების სამართლიანად წარმართვისა და დაკავებულთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

საქართველოს ღირსების ორდენის ლაურეატი, პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი ხელისუფლებისადმი მიმართვაში გამოხატავს შეშფოთებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტური საქმიანობისა და ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. იგი ხელისუფლებას სთხოვს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს პოლიტოლოგ გულბაათ რცხილაძისა და ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის საქმეებს, უზრუნველყოს ყველა ბრალდების ობიექტური და კანონიერი განხილვა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე პატივი სცეს უდანაშაულობის პრეზუმფციასა და პირის თავისუფლების უფლებას.

პროფესორი ხომერიკი ხაზს უსვამს, რომ მისი მიმართვა ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი და კონსტრუქციული თხოვნაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული შეშფოთების შემცირებას, მართლმსაჯულებისადმი ნდობის განმტკიცებასა და საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის დაცვას.

,,ძვირფასო საქართველოს ხელისუფლებავ, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში განვითარდა უსიამოვნო მოვლენები, რომლებიც ხალხისთვის ძალზედ გაუგებარია, კერძოდ კონსტიტუციით დაცული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით, როგორიცაა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტური საქმიანობის უფლება, ამავდროულად, ისეთი მძიმე ბრალდებები, როგორიცაა ღალატი, ჯაშუშობა და ა.შ.

ადგილი აქვს გამორჩეული პროფესიონალების საქმიანი რეპუტაციის და თავისუფლების უფლების ხელყოფას, რაც მით უფრო საგანგაშოა, როდესაც საქმე ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწეს ეხება. და ეს, მაშინ როდესაც ამ ადამიანებს არ ჰქონდათ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებებზე, არ მოუწოდებდნენ ხალხს დემონსტრაციებისა და გადატრიალებისკენ, შესაბამისად, მათი დაპატიმრება სრულიად გაუმართლებელია. ამ ადამიანების განზრახვა არ ყოფილა ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. ეს ყველაფერი განგაშსა და შეშფოთებას იწვევს, რასაც საზოგადოებაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და საქართველოს, როგორც ეროვნული სახელმწიფოს იმიჯის შელახვა შეუძლია. ეს უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯზე საერთაშორისო საზოგადოებაში.

ნამდვილად არ მსურს იმ ხელისუფლების განსჯა, რომელმაც ერთხელ გაათავისუფლა საქართველო ნაციონალური ტირანიისგან, მაგრამ, მე გთხოვთ, გაუმკლავდეთ მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს იმიჯს, აღაშფოთებს მის მოსახლეობას ამ გაუმართლებელი დაპატიმრებებით, კანონის კონსტიტუციური მუხლების,  ადამიანის უფლებებისა და ჟურნალისტური საქმიანობის უფლების დარღვევით. ვგულისხმობ ორ პირს – პოლიტოლოგს, საზოგადო მოღვაწეს – გულბაათ რცხილაძეს და ცნობილ ჟურნალისტს – დიტო ჩუბინიძეს. ვფიქრობ, მათ მიმართ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები მძიმედ აშფოთებს ქართულ საზოგადოებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული რეალობა და გაუწიოთ მონიტორინგი კანონის უზენაესობის დაცვას. 

იმედი მაქვს, ჩემი მიმართვით არ დარღვეულა საქართველოს საკანონმდებლო სუვერენიტეტი და არ შეურაცხყოფილა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც პატივს ვცემ.

პატივისცემით, საქართველოს ღირსების ორდენის ლაურეატი, პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი.

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები