TaoNews.Ge

25 მარტი – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

25 მარტი – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა, ქართველ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი, წმიდა ილია მართლის  მეთაურობით, მეფის ნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობამ დანიშნა სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ: ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, პროფესორები ალ.ცაგარელი, ალ.ხახანაშვილი, ნიკო მარი. ქართველებმა დაასაბუთეს, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია, აგრეთვე ის, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.

1917 წლის 12 (25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: 1) ამიერიდან, 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.

იმავე წლის სექტემბერში, ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი და ჯვარი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს, კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში.

ღვთის შეწევნითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!