TaoNews.Ge

1993 წლის 5 ივლისს, 28 წლის წინ, აფხაზეთში მღვდელ-მონაზონ ანდრია (ყურაშვილი) მოკლეს

1993 წლის 5 ივლისს, 28 წლის წინ, აფხაზეთში მღვდელ-მონაზონ ანდრია (ყურაშვილი) მოკლეს

,,გაიყვანეს და უთხრეს, ეთქვა ვისი მიწა იყო ეს – ქართული თუ აფხაზური. მან კი უპასუხა: ,,ეს არის ღვთის მიწა…”
 1993 წლის 5 ივლისს, 28 წლის წინ, აფხაზეთში, სოფელ კამანში, მღვდელ-მონაზონ ანდრიას სიცოცხლე (ყურაშვილი) მტრის ტყვიამ შეიწირა.
 27 წლის ღვთისმსახურმა ყველაზე მძიმე დროს არ მიატოვა არც ეკლესია, არც ადგილობრივები და არც ქართველი ჯარისკაცები, არც მტერს დაუჩოქა და არც ქვეყანას უღალატა…
 2006 წელს მამა ანდრიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მას ,,შეწირული ზვარაკი” უწოდა. ჭეშმარიტად ასეა, მთელი მისი ცხოვრება, განვლილი გზა, ღვაწლი მოყვასისა და მამულისათვის თავგანწრივის უკვდავი მაგალითია. თითქოს ეს იყო ერთგვარი მზადება იმისათვის, რომ მას არანაირ ვითარებაში არ ეღალატა სარწმუნოებისათვის, თავისი ფასეულობებისათვის…
 გთავაზობთ ამონარიდს მამა ანდრიასადმი მიძღვნილ წიგნში ,,ჩუმი გალობა, სავსე ნათელით” – დაბეჭდილი ინტერვიუდან, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ჩაიწერა მასთან:
 ,,– მამა ანდრია, სოფელი კომანი ყველაზე ახლოს ცხელი წერტილია ამ ომში. თქვენ რას ფიქრობთ?
 მამა ანდრია: მე არავითარ შიშს არ გვრძნობ. შიშის უქონლობა ღვთისგანაა. მე ახლა არ მეშინია, რადგან ღვთის წყალობაა ჩემზე. ეკლესიაში ვარ. რა შეიძლება კიდევ ითქვას? სროლები აღარ ისმის. შეწყდა. თუმცა აქა-იქ კიდევ ისმის. ეს ღვთის წყალობაა და მე არ მეშინია.
 – ხალხი დადის ეკლესიაში? ყველა ჯარისკაცი ამ სოფლის მაცხოვრებელია. მათ გარდა, აქ კიდევ არიან ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. დადიან ისინი ეკლესიაში?
 მამა ანდრია: დიახ, ჯარისკაცები დადიან. ისინი ვინც ახლოს არიან ეკლესიურ ცხოვრებასთან.
 – პოულობენ ისინი ეკლესიაში ნუგეშს?
 მამა ანდრია: ღვთის შეწევნით ვაკეთებ, რაც ჩემს ძალებს აღემატება. ვესაუბრები მათ ღმერთზე. ვცდილობ ავუხსნა მათ, რამდენადაც შემწევს ამის უნარი… დიახ, ჯარისკაცები დადიან, მაგრამ მათ შორის არ არის მოსახლეობა. ერთი ან ორი კაცი თუ იქნება…
 – ქალები და ბავშვები თუ არიან? ბევრნი არიან?
 მამა ანდრია: დადიან მხოლოდ ისინი, ვინც ეს ეკლესია აღადგინა. ასევე ერთი ან ორი სხვაც თუ იქნება…
 – მამა ანდრია, როგორია თქვენი შეხედულება, რას იტყოდით ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე? როგორ ფიქრობთ, რა გზით შეიძლება მისი გადაჭრა?
 მამა ანდრია: ჩემი, როგორც მღვდლის თვალსაზრისი შემდეგია. ამ კონფლიქტის მიზეზი ჩვენი ღმერთთან დაშორებაა. ასევე, ჩვენი რუსეთთან ურთიერთობის შედეგია, მაგრამ კაცთაგან შეუძლებელი, ღმერთისთვის შესაძლებელია. თუ იქნება უზენაესის ნება, ყველაფერი შესაძლებელია. ნაწინასწარმეტყველებია, რომ უკანასკნელ ჟამს ქართული ეკლესია გაბრწყინდება, ნამდვილად, უკანასკნელი ჟამია. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ჟამი მოახლოვდა, რადგან ამის ნიშნები ნელ-ნელა იკვეთება. ჩვენ ასევე წმიდა მამებისგან და ჩვენი წინაპრებისგან ვიცით, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება და მსახურება ღვთისადმი არ დამთავრდება არც აფხაზეთით და არც ამ სოფლით. და იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა უკვალოდ არ ჩაიაროს, საჭიროა ქვეყანაზე მშვიდობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ღვთის ნებით მშვიდობა დამყარდება.
 – მაინც რა შეიძლება გაკეთდეს?
 მამა ანდრია: მე ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ამ პრობლემის გადაჭრა. დღეს, რაც აფხაზეთში ხდება, ჩვენი განსაცდელია, რომელიც უფალმა ისევ ჩვენს სამკურნალოდ დაუშვა. ჩვენი სულის საცხოვნებლად მოგვეცა. ყველაფერი კარგად დამთავრდება. მაგრამ ეს მალე არ მოხდება. მე მხოლოდ ღმერთზე ვსასოებ და მის წმინდა ნებაზე, ჭეშმარიტად, ღმრთის წმინდა ნებას ვარ მინდობილი”.
 წმიდათა თანა განუსვენოს უფალმა მღვდელ-მონაზონ ანდრიას სულს და საუკუნოდ იყოს ხსენება მისი…
წყარო – საპატრიარქოს უწყებანი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!