TaoNews.Ge

ნიკორას შვილობილ კომპანია ,, ჩვენ ფერემერში” ადამიანები თითებს კარგავენ-ნიკოლოზ  ჭინჭარაძე (ვიდეო)

+18 – ჟურნალისტური გამოძიება – სკანდალი კომპანიაში, სადაც “ნიკორა” პროდუქციას აწარმოებს

რამდენიმე დღის წინ “ალიამ” გამოაქვეყნა მასალა – „მახსოვს, როგორ ასხამდა სისხლი ჩემი ორივე ხელიდან…“ – შემზარავი ფაქტი კომპანიაში, სადაც „ნიკორა“ პროდუქციას აწარმოებს”, სადაც გიამბეთ, ნიკოლოზ ჭინჭარაძეზე, რომელმაც კომპანიში, სადაც ნიკორა პროდუქციას აწარმოებს, “ჩვენ ფერმერში” სამი თითი დაკარგა და მისი შრომის უნარის კლება, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეფასდა 40 პროცენტად. დღეს კი გთავაზობთ, ამ ჟურნალისტური გამოძიების გაგრძელებას. 

რას პასუხობს „ალიას“ საწარმო და რას გვიყვება ადვოკატი?

ნიკოლოზის მოწოდებულ ინფორმაციას, რომ მანამდეც დაკარგა ზუსტად იმ აპარატთან ერთმა თანამშრომელმა თითი – კომპანიამ ჩვენთვის მოწერილ წერილში, არ უპასუხა.

გამომდინარე იქედან, კომპანია უარჰყოფს ნიკოლოზის ნათქვამს, რომ ტექნოლოგი, მეტწილად საერთოდ არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე და ამტკიცებს, რომ ტექნოლოგი საწარმოში იყო, გაგვიჩნდა იმედი, რომ ტრაგედიას შეიძლება ჰყავდეს მოწმე – ლოგიკურია იქნებოდა, ხო, თუ ტექნოლოგი იყო ადგილზე, როგორც კომპანია ამტკიცებს, წესით, მას შეიძლებოდა დაენახა რა მოხდა რეალურად – არა? კომპანია გვპასუხობს:

„იმ  მომენტში,  ტექნოლოგი ნამდვილად იმყოფებოდა საწარმოში,  მაგრამ არა იმ კონკრეტულ დანადგართან. განვმარტავთ, რომ საწარმოო პროსეცები მოიცავს რამდენიმე დანადგარის მუშაობას, დაფასოებას…. ამიტომ  ტექნოლოგი გადაადგილდება პროცესებზე დაკვირვების მიზნით.“

ადგილზე იყო და არაფერი დაუნახავს… რა გითხრათ, იმედს ვიტოვებთ, რომ ვიდეომონიტორინგი მაინც იყო ადგილზე და თან მუშა მდგომარეობაში, თუმცა ამაზე ქვემოთ გიამბობთ.

რა სახის დახმარება გაუწია ნიკოლოზ ჭინჭარაძეს კომპანიამ? – კომპანია გვწერს:

„მასთან მუდმივ კომუნიკაციაში იყო კომპანია, რომ დახმარება გაეწია საერთაშორისო კლინიკების, როგორც მოძიების ასევე მკურნალობის დაფინანსების კუთხით. ისრაელის ერთ-ერთმა კლინიკამ მკურნალობის სქემაც გადმოაგზავნა, კლინიკასთან სატელეფონო ჩართვაც შედგა, რასაც თავად ნ.ჯინჭარაძეც ესწრებოდა. კომპანია მზად იყო გაეღო  ხარჯი, მაგრამ  მოლაპარაკების პროცესში, როდესაც ველოდებოდით  ნ.ჯინჭარაძის გადაწყვეტილებას, კერძოდ  რომელ კლინიკას აირჩევდა, მან  უარი განაცხადა მკურნალობაზე, წავიდა სამსახურიდან საკუთარი ნებით  და მოoთხოვა კომპენსაცია.   ამის შემდეგ, არაერთი შეხვედრა შედგა ნ.ჭინჭარაძის სხვადასხვა ადვოკატებთან, მათ შორის ბოლო შეხვედრას ადგილი ჰქონდა 2022წლის თებერვალში, სადაც კიდევ ერთხელ მოხდა პოზიციების გაცვლა. კომპანიამ ამჯერადაც, როგორც ადრე, მზაობა გამოთქვა, რომ მზად არის  ნებისმიერი სახის ხარჯი დაფაროს  მკურნალობასთან დაკავშირებით.“

საქმე იმაშია, რომ „ალიას“ ხელთ აქვს კომპანიის 2018 წლის ოფიციალური წერილი, რომლითაც ნიკოლოზ ჭინჭარაძეს უარი ეთქვა კომპენსაციაზე და კომპანია „ჩვენი ფერმერი“ წერდა, რომ მას უკვე გაეწია მორალური და მატერიალური მხარდაჭერა რეაბილიტაციის პერიოდში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მკითხველსაც და კომპანიას, რომ შრომის უნარი რომ 40 პროცენტით აქვს  დაქვეითებული სწორედ ამ ადამიანის კომპენსაციაზეა საუბარი.

„ალია“ ისევ მიუბრუნდა ნიკოლოზ ჭინჭარაძეს კითხვით, რას გულისხმობს კომპანია 2018 წლის წერილში, როცა წერს, რომ მას უკვე დაეხმარა მორალურად და მატერიალურად.

ნიკოლოზ ჭინჭარაძე:

–120 ლარი დაჯდა კიდევ ერთი დაზიანებული თითის რეაბილიტაცია და ალბათ, იმ თანხას, იმ 120 ლარს გულისხმობენ. კიდევ რით დამეხმარნენ და იოდით, ბამბა და ბინტი მიყიდეს კიდეც – ფოტოებზეც ჩანს ეგ ბამბა და ბინტი, მგონი და სავარაუდოდ მაგას გულისხმობენ? რა გითხრათ.

–წერენ, რომ მორალურადაც გაგიწიეს მხარდაჭერა – მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაცია შემოგთავაზეს?

–არა, რას ამბობთ, ეგ კი არა, ჩემმა ადვოკატმა რომ ახსენა კომპენსაცია, ისეთები გვაკადრეს, როგორც უკვე მოგიყევით, რომ აქეთ წამოვედი შეურაცხყოფილი. ვგავარ მორალურად გამხნევებულ ადამიანს? ფაქტია, ხომ, ლამის 1 წელი ველოდე, რომ რამეს იღონებდნენ, მორალურად, მატერიალურად, ფიზიკურად რომ დამდგომოდნენ გვერდში, რატომ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას? მორალურად გვერდში დამიდგნენ კი არა, დამამცირეს, თავი მაგრძნობინეს შეურაცხყოფილად, ვიყავი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ლამის ყოველი დღე, ტრაგედიის შემდეგ და მთხოვდნენ ხელი მომეწერა საბუთზე, სადაც ეწერებოდა, რომ ჩემი ამ მდგომარეობაში ჩაგდება ჩემივე ბრალია.

„ალიამ“ ჰკითხა კომპანიას, რას გულისხმობენ 2018 წლის წერილში და რა სახის „მორალური და მატერიალური მხარდაჭერა“ გაუწიეს მას რეაბილიტაციის პერიოდში? აქვე მივწერეთ ისიც, რომ ნიკოლოზის თქმით, რეაბილიტაცია სულაც 120 ლარი დაჯდა ერთი თითის, რომლის გადარჩენაც მოხერხდა. კომპანიამ გვიპასუხა:

„დასახელებული თანხა ნამდვილად არ ასახავს კომპანიის მიერ გაწეულ დანახარჯებს. კომპანია დღესაც თანახმაა და მზად არის დაუფაროს მკურნალობის ყველა ხარჯი თუ იგი მოისურვებს მკურნალობას და გამოთქვამს ნ. ჭინჭარაძის დასაქმების მზაობასაც მისთვის შესაბამის პოზიციაზე, რაც არაერთხელ შევთავაზეთ მას და  მათ შორის ბოლო შეხვედრაზე, 2022წლის თებერვალში. აღნიშნულ შეხვედრაზე, ნიკომ განაცხადა, რომ მოიფიქრებდა და პასუხს შეგვატყობინებდა, თუმცა აღარ დაგვკავშირებია.“

თვლით, თუ არა, რომ გარდა ფიზიკურისა, ნიკოლოზს მორალურადაც მიადგა ზიანი? – ვკითხეთ, კომპანიას – რაზედაც გვიპასუხეს:

„კომპანიამ გაითვალისიწინა ნიკოლოზის მდგომარეობა მიღებული ტრამვის შემდეგ და  მზად იყო  გვერდში დადგომოდა  მას, კერძოდ დაეფარა მკურნალობის ხარჯები . მდგომარეობის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა სამსახურეობრივი დატვირთვა  იგივე ხელფასის შენარჩუნებით. წასვლის შემდეგ ისევ ვთავაზობდით დასაქმებას, რომ ჰქონოდა მუდმივი შემოსავალი და დღესაც, ძალაშია ეს შეთავაზებები.“

როგორც ხედავთ, კომპანია ახლაც თვლის, რომ კომპენსაცია შეიძლება იყოს ერთი გადარჩენილი თითის რეაბილიტაცია, ასევე კომპენსაცია ყოფილა, განსაკუთრებით, მორალური კომპენსაცია, იგივე კომპანიაში რომ დაგასაქმებენ. ნიკოლოზი გვიყვება, რომ ამ კომპანიიდან გამოსაქცევად შეუქმნეს საქმე და სწორედ ზეწოლის გამო წამოვიდა და იმის გამოც, რომ სამსახურეობრივი დატვირთვის დაპირებული შემსუბუქება არ მოხდა.

 

ერთი დასკვნა, რისი გამოტანაც შესაძლებელია, კომპანიის პასუხიდან, არის ის, რომ როგორც ჩანს, ნიკოლოზ ჭინჭარაძე ნამდვილად ყურადღებიანი, საქმიანი და კარგი კადრია, თორემ, უყურადღებო რომ იყოს, ან სამსახურეობრივ მითითებებს ვერ ასრულებდეს, იგივე კომპანიაში სამუშაოდ ხომ არ მიიწვევდა კომპანია, თან ასე დაჟინებით, წლების გასვლის მერეც კი? ნიკოლოზი რომ იყოს უპასუხისმგებლო თანამშრომელი, რომელსაც არ შეუძლია დაკისრებული მოვალეობის და მითითებების ზუსტად შესრულება, მან შეიძლება, კომპანიის სხვა თანამშრომლებსაც და პროდუქციასაც კი შეუქმნას საფრთხე, ხომ ასეა? თუმცა, კომპანია, მისი მატერიალური და მორალური დახმარების ერთადერთ გზად ისევ მის დასაქმებას განიხილავს – საიდანაც, ლოგიკურად, ვასკვნით, რომ ნიკოლოზი კომპანიაში მუშაობისას სწორედ იმ მითითებებს ასრულებდა, რასაც მას ავალებდნენ.

 

„მკურნალობა“:

კომპანია საუბრობს მკურნალობაზეც, თუმცა, ნიკოლოზის თქმით და მისივე წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, როგორც ზემოთ ვწერთ, ეს „მკურნალობა“ მოიცავს პროთეზს, რომელსაც ყოველდღიური მოხმარებისთვის წებო სჭირდება.

კომპანია თვლის, რომ პროთეზის დამზადება – მკურნალობაა, მეტიც, კომპანია ამტკიცებს, რომ ნიკოლოზმა თავიდანვე იცოდა რომ დაზიანებული თითების აღდგენა შეუძლებელი იყო, თუმცა, იქვე გვწერს, რომ ნიკოლოზი განიხილავდა სილიკონის თითების დამაგრებას, თუმცა, ისრაელის კლინიკინამ განაცხადა, რომ თითების რეკონსტრუქცია შესაძლებელი არ იყო.

 

„ჩვენი ფერმერი“:

„შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ვმუშაობდით  ყველა შესაძლო ვარიანტზე.  ნიკოლოზისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ საკუთარი დაზიანებული თითების აღდგენა შეუძლებელი იყო, რაც კლინიკამაც დაადასტურა. ნიკო განიხილავდა სილიკონის თითების დამაგრების  შესაძლებლობას, რომელიც მის მიერ მოძიებული ინფორაციით ისრაელში კეთდებოდა. კომპანიამ მასთან შეთანხმებით დაიწყო დეტალური ინფორმაციის მოძიება ისრაელის კლინიკაში, საიდანაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ თითების რეკონსტრუქცია შესაძლებელი არ იყო.  კლინიკის მიერ მოწოდებული მკურნალობის გეგმის მიხედვით, რადგან შემთხვევა ახალი მომხდარი იყო, სპეციალისტი არ თვლიდა რეკომენდირებულად საწყის ეტაპზე დამზადებულიყო მაღალი დონის პროთეზი, რადგან მოსალოდნელი იყო თითების მოცულობის ცვლილება. მკურნალობა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნებოდა მაღალი დონის პროთეზზე გადასვლა. კომპანია დაფინანსების მზაობას  გამოხატავდა. თუმცა როგორ ვთქვით ამ კომუნიკაციის მერე ნიკოს მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.“

„ალიამ“ კიდევ ერთხელ მისწერა კომპანიას, კიდევ დავაფიქსირეთ, რომ პროთეზი ვერ გაზრდიდა ნიკოლოზის შრომის უნარს და ვკითხეთ, „არსებობს რამე სახის საბუთი იმის შესახებ, რომ რომელიმე კლინიკასთან გქონდათ შეთანხმება, რომ იგი სრულად აღუდგენდა ნიკოლოზს შრომის უნარს (და შეგახსენებთ, 40 პროცენტია დაკარგული მისი შრომის უნარის) და ნიკოლოზმა ამაზე უარი გითხრათ?“ – ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

 

სრულიად წარმოუდგენელი იყო, იმ კონტრაქტის პირობების ხილვა, რომელიც ნიკოლოზთან კომპანიამ დადო. ნიკოლოზმა „ალიას“ ასევე მოაწოდა თანამდებობრივი ინსტრუქცია, რომელიც გაწერილია არაჟნისა და მაწვნის ტექნოლოგის ასისტენტის ვაკანსიისთვის. თანამდებობრივ ინსტრუქციაში ვკითხულობთ, რომ ამ პოზიციისთვის სასურველია უმაღლესი განათლება კვების (რძის) პროდუქტების ტექნოლოგიების მიმართულებით, თუმცა, ნიკოლოზს, არათუ ამ მიმართულებით არ აქვს უმაღლესი განათლება, მას საერთოდ არ აქვს უმაღლესი განათლება. მაშ, როგორ აიყვანა და დაასაქმა ამ პოზიციაზე ის კომპანიამ? მეტიც, დღემდე ჯიუტად იმეორებს, ისევ დავასაქმებო?

„ალიამ“ ამ კითხვით კომპანიას მიმართა, სადაც გვიპასუხეს: „აღნიშნული სამუშაოები არ მოითხოვდა რაიმე სახის  სპეციფიურ განათლებას“ – თუ არ მოითხოვს სპეციფიურ განათლებას, მაშ, რატომ წერია კომპანიის მიერვე გაცემულ დოკუმენტში, რომ ამ პოზიციის მიმართ მოთხოვნა უმაღლესი განათლებაა და სასურველია კვების (რძის) პროდუქტების ტექნოლოგის მიმართულებით იყოს ეს უმაღლესი განათლება? რომელია სიმართლე, ის რაც დოკუმენტში უწერიათ, თუ ის, რაც ჩვენ გვიპასუხეს?  აქვე მივმართავთ შესაბამის სამსახურებს და იქნებ, ვინმემ გაარკვიოს, საერთოდ, ვის ანდობენ კომპანიები პროდუქციის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას – ჰყავთ კი პროფესიონალები დასაქმებულნი?

შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, (რომელიც შედგენილია 2015 წელს და მისი მიხედვით ხელფასის ოდენობა განისაზღვრება 375 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) კომპანიას კი გაწერილი აქვს, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დამატებითი ანაზღაურება, მაგრამ იგივე ხელშეკრულებაში ვკითხულობ, რომ „საკუთარი ინიციატივით დამატებით საათებში მუშაობა არ განიხილება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებად.“ როგორ წარმოგიდგენიათ, დავუშვათ, ადამიანმა იმუშავა 8 საათი და შემდეგ საკუთარი სურვილით, მომდევნო 4 ან 8 საათი დარჩა სამუშაოდ?

კომპანია გვპასუხობს: „ჩანაწერი  „საკუთარი ინიციატივით დამატებით საათებში მუშაობა არ განიხილება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებად“ ემსახურებოდა დასაქმებულის ინფორმირებას, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, თანამშრომლის სამუშაო ტერიტორიაზე ნებაყოფლობით  დარჩენა არ იქნებოდა მიიჩნეული ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და ზეგანაკვეთურად ჩაითვლებოდა  მხოლოდ დამსაქმებლის მოთხოვნით შესრულებული დამატებითი საათები.

ანუ, კომპანიის პასუხის მიხედვით, როცა ადგენდა შრომით ხელშეკრულებას, გადაწყვიტეს, გაეფრთხილებიათ თანამშრომლები, რომ თუ სამუშაო საათების შემდეგ, ისინი დარჩებოდნენ სამუშაო ტერიტორიაზე – ეს არ ჩაითვლებოდა ზეგანაკვეთურად? ანუ, კომპანიაში, სადაც მზადდება რძის პროდუქტები, სამუშაო საათების მერე შეიძლება ჩამოჯდე, წამოწვე, გაჩერდე, იარო და რა ვიცი, ღამეც გაათიო და ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ გაკეთდა ეს ჩანაწერი? და საინტერესოა, მაინც რამდენი თანამშრომელი რჩება სამუშაო საათების მერე კომპანიაში, მე კიდევ მინდა მუშაობა და თქვენი საქმე არაა, მე რამდენს ვიმუშავებ, მიმიშვით, მუშაობა მწყურია და ზეგანაკვეთური ხელფასიც არ მინდაო? რამდენი ადამიანი დარჩა ამ წლების მანძილზე კომპანიის ტერიტორიაზე სამუშაო საათების დასრულების შემდეგ და ამათგან რამდენი დარჩა „საკუთარი ნებით“?

– მეგობარო, რამდენი საათი მუშაობ?

–ოფიციალურად 8 საათი და მერე ვრჩები, სანამ ქანცი არ გამწყდება – ასეა?

რა გითხრათ, ყოველ შემთხვევაში, სანამ შრომით ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, პირობები კარგად წაიკითხეთ, თორემ, მერე იმის მტკიცებაც თქვენზე იქნება, რომ საკუთარი სურვილით არ დარჩით სამუშაოდ სამუშაო საათების მერე. კი, კარგად წაიკითხეთ ხელშეკრულება, რადგან შესაძლოა, კომპანია იტოვებდეს „ფარული გადაღების“ უფლებასაც. ეგ როგორ და ასე – კომპანია, სადაც ნიკორა პროდუქციას აწარმოებს, იტოვებს უფლებას, დასაქმებული სამუშაო პროცესში ჩაწეროს (ვიდეო), „მათ შორის ფარულად.“

წარმოუდგენელია, რომ ეს ვინმეს ჯერ თავში მოუვიდა, მერე ვიღაცამ დაწერა და არიან საქართველოში დასაქმებულები, რომლებმაც ამაზე ხელი მოაწერეს, სამსახური ისე სჭირდებათ. ვიკითხეთ, რას ნიშნავს „ფარულად ჩაწერა“ – კომპანია გვპასუხობს, რომ ვინაიდან საქმე ეხება სურსათის დამზადებას, ამიტომ ახორციელებს ვიდეომონიტორინგს, თუმცა, ჩვენ არ ვეკითხებით მას, რატომ ახორციელებს ვიდემონიტორინგს, ჩვენ ვეკითხებით, რას ნიშნავს ფარული გადაღება და ამ ნაწილზე, მათი პასუხი ასეთია:

„კონტრაქტის გაფორმებისას, თანამშრომელს განემარტებოდა, რომ კამერა შესაძლებელია ვიზუალურად, თვალსაჩინოდ არ ყოფილიყო განლაგებული, მაგრამ გადაღების შესახებ საქმის კურსში გახლდათ და რაც  ღიად იყო დაფიქსირებული კონტრაქტშიც.“

ჩვენც ამას ვეკითხებით, როგორ შეიძლება, ფარული გადაღება და კამერის ისე განთავსება, რომ არ იყო თვალსაჩინო, რომ გიღებენ. თუმცა, კომპანიის განმარტება ესაა ამ საკითხზე და რა გითხრათ, იმედია, ჯერ კიდევ არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომლებიც მსგავ შემთხვევებს ამოწმებენ. მეტიც, წესით, შემოწმებაც რაღა საჭიროა, კომპანია, თავად წერს ხელშეკრულებაში, რომ „ფარული გადაღების“ უფლებას იტოვებდა.

თუ კომპანია ვიდეომონიტორინგს აწარმოებს, თან სწორედ იმ მიზეზით, რომ საკვებ პროდუქციას აწარმოებს, წესით, მას უნდა ჰქონოდა ვიდემონიტორინგი იმ ადგილისაც, სადაც უშუალოდ ხდება პროდუქციის წარმოება და წესით, მას უნდა ჰქონდეს იმის ამსახველი კადრებიც, როგორ დაკარგა ნიკოლოზმა თითები. ვკითხეთ მას, ჰქონდათ თუ არა, ამ ტრაგედიის ამსახველი ვიდეო, რაზეც პასუხი არ გაგვცეს.

შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ნიკოლოზს ევალებოდა დანადგარების გამართულად მუშაობის მონიტორინგი. მაინც როგორ უნდა მოახდინოს პირმა, რომელსაც არ აქვს არც ტექნიკოსის და არც ელექტრიკოსის განათლება, აპარატურის გამართულად მუშაობის მონიტორინგი? შეხედვით? გახედავს და ღილაკი ანთია, მოტორი ტრიალებს, რეზინი მომძვრალი არაა, ქვაბიდან ორთქლი ამოდის? და ამიტომ ხომ არ იყო დანადგარი თავღია მდგომარეობაში, რომ ნიკოლოზი ვალდებული იყო, რამე ნაწილი თუ მოძვრებოდა, დაენახა და თავდახურლში ვერ დაინახავდა? აბა, სხვაგვარად როგორ დაინახავდა? კომპანია გვიმტკიცებს, მას შეკეთება არ ეხებოდა, მას უბრალოდ მონიტორინგი უნდა გაეწია მუშაობის და შეეტყობინებინა ფაქტზეო და რა ფაქტზე? მაგალითად, ხრახნია მოშვებული, რეზინი მოძრობის პირასაა – როგორ შეამოწმებს მაგას ტექნოლოგის ასისტენტი? ა, რომ მოძვრება, დაინახავს? – კი, ბატონო. ეს გაუმართავი მუშაობა კი არა, გამორთვაა.

ვკითხეთ კომპანიას, ჰყავს და ჰყავდა თუ არა იმ დროისათვის დასაქმებულები ტექნიკოსები და ელექტრიკოსები, სრული განაკვეთით, რაზეც გვიპასუხა, რომ დასაქმებული ჰყავს ტექნიკოსები, ელექტრიკოსებზე გამორჩა, თუ გამოტოვა, თუ მართლა არ ჰყავს დასაქმებული, ვერ გეტყვით.

ახლაც არ გვაქვს პასუხი – ვის ევალებოდა კონკრეტულად იმ დანადგარის შეკეთება, რომელ დანადგართანაც ტრაგედია მოხდა. ვინ ამოწმებდა უკვე შესრულებულ სამუშაოს, ვინ აფასებდა აპარატს ტექნიკურად გამართულად და არსებობს, თუ არა პირი, ვინც თავღია აპარატზე წერდა და ხელსაც აწერდა, რომ იგი გამართულად მუშაობს და დაისაჯა თუ არა ეს პირი/პირები?

იგივე ხელშეკრულების მიხედვით, ნიკოლოზს ევალებოდა ეზრუნა კომპანიის „საქმიანი რეპუტაციის ამაღლებაზე“ – თუმცა, კომპანია განმარტავს, რომ  „რეპუტაციის ამაღლებაზე ზრუნვა არ უნდა იყოს გაგებული, რომ მას ევალებოდა ამ მიმართულებით რაიმე აქტივობების განხორციელება. თითოეული დასაქმებული სამუშაოს შესრულების პროცესში წარმოადგენს კომპანიას და   მათი ქცევა  მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კომპანიის საქმიან რეპუტაციას.“

მე მაგალითად, ეგ პირიქით მგონია – შევდივარ კომპანიაში და ვხედავ, რომ მათი თანამშრომლების ფორმა გახუნებულია? ვიგებ, რომ მათ კაპიკებზე ამუშავებენ? ვიგებ, რომ მათი ჯანმრთელობა არაა დაცული? ან დასვენების პირობები? – ცალსახად, ის კომპანია ჩემთვის შეუმდგარია. ასე რომ პირიქით, კომპანია უნდა ზრუნავდეს თანამშრომლებზე, თუ საქმიანი რეპუტაცია სურს საერთოდ, არათუ რეპუტაციის ამაღლება.

იგივე ხელშეკრულების მიხედვით დამსაქმებელი უფლებას იტოვებს კუთვნილი ხელფასიდან ჩამოაჭრას მიყენებული ზიანის საფასური დასაქმებულს, ოღონდ, ზიანს განსაზღვრავს არა დამოუკიდებელი აუდიტით, ან სასამართლოს მეშვეობით, არამედ  საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემის მიხედვით. ზიანის ანაზღაურებას კომპანია მაშინც კი ითხოვს, თუ ვერ გამოავლენს დასაქმებული კოლექტივიდან ზიანის კონკრეტრულ მიმყენებელს. კომპანია, პრინციპში, გვიდასტურებს, რომ ასე იქცეოდა და „ხსნის“, რომ ეს პუნქტი „ემსახურებოდა ერთ სივრცეში/უბანშზე ერთად მომუშავე ადამიანებზე პასუხისმგებლობის სოლიდარულ განაწილებას მათ ერთობლივ გამგებლობაში არსებულ პროდუქციაზე, როდესაც  ვერ დგინდებოდა კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა.“

კომპანიის პასუხში, ყველაზე მეტად, სიტყვა „სოლიდარობა“ „მომწონს“. იმის არ იყოს, სამუშაო საათების მერე რომ მუშაობა გინდება და რჩები კომპანიაში – კომპანია გეუბნება, რომ მიადგა ზიანი და ვერ დაადგინა ამ ზიანზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირი და შენ რომ მთელი თვე პატიოსნად მუშაობ და უცებ სოლიდარული რომ ხდები იმ პირის მიმართ, ვინც არ იმუშავა პატიოსნად და კი, აბა, რა, რამდენიც გინდათ ჩამომაჭერით ხელფასიდანო, რომ ეუბნები. ასე ხდებოდა, ალბათ?

ვკითხეთ კომპანიას, მაშინ როცა, ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვას „ჩვენ ფერმერში“ უზრუნველჰყოფს სს „ნიკორა“, და ფუნქცია მოვალეობების შესახებ დოკუმენტის მიხედვით, ნიკოლოზს სწორედ, „ნიკორას“ ამ ორ მსხვილ დეპარტამენტთან ექნებოდა კონტაქტი, ხელშეკრულების ნაწილში და ხარისხის ნაწილში მაინც, რატომ არ გვპასუხობს სს „ნიკორა“ და მხოლოდ „ჩვენმა ფერმერმა“ რატომ იტვირთა პასუხის გაცემა, კომპანია გვპასუხობს:

„ჩვენ ფერმერს ხელშეკრულების საფუძველზე სს „ნიკორა“ უწევს  ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის განყოფილების ნაწილში მომსახურებას და აღნიშნული მიზეზით არის ჩანაწერი მითითებული, როგორც შესაძლო კონტაქტი. როგორც აღვნიშნეთ,  ჩვენი ფერმერი დამოუკიდებელი სამართლებრივი სუბიექტია. მომხდარი ფაქტი ჩვენი ფერმერის წარმოებაში მოხდა და ამიტომ თქვენს კითხვებს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, პასუხობს „ჩვენი ფერმერი.“

 

მკითხველს ვთხოვ, თუ ამ ბოლო კითხვის პასუხიდან რამე გაიგო – გვითხრას.

 

სს „ნიკორა“ წერს, რომ ნაყინს, მაგალითად, “პალომას” ბრენდის ქვეშ 2005 წლიდან აწარმოებს და აწარმოებს შპს–ში “ჩვენი ფერმერი. „ნიკორას“ მტკიცებით, ნაყინი კარაქსა და შესქელებულ რძეზე მზადდება და უდაოდ, გამორჩეული გემოთი და რბილი კონსისტენციით ხასიათდება.

მზადდება, თუ არა, ნაყინი კარაქზე? – ნიკოლოზი გვიყვება, რომ ნაყინის მოსამზადებლად რძესა და ე.წ. მარგარინს იყენებდნენ.

 

როცა სს „ნიკორას“ გადავუგზავნეთ კითხვები და მან თავის მხრივ, „ჩვენ ფერმერსთან“ გადაამისამართა, მივწერეთ, ნიკოლოზის თქმით „მან მაშინ დაკარგა თითები, როცა ნაყინის მოსამზადებლად რძისა და ე.წ. მარგარინის ერთამენთში არევის პროცესს აკვირდებოდა“, განმეორებითი კითხვებისასაც ისევ გავიმეორეთ „მარგარინით დამზადება“– გამომდინარე იქედან, რომ კომპანიას შევთავაზეთ ნებისმიერი ფორმით და შინაარსით პასუხის გაცემა, გვქონდა იმედი, რომ კომპანია უარჰყოფდა „მარგარინით“ ნაყინის მომზადებას და მოგვწერდა, რომ ასე არ არის და ნაყინს კარაქზე ამზადებენ, თუმცა, ასე არ მოხდა, კომპანიამ, ამ წინადადებაზე საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება.

„ალია“ შეგახსენებთ, მარგარინი, რომლის ეტიკეტზეც მითითებულია, რომ ჰიდროგენიზებულ, იგივე ტრანს ცხიმს შეიცავს, ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის. მისი მიღება რეკომენდირებული არ არის. აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ პროდუქტის ეტიკეტს: მასზე მითითებული უნდა იყოს, რომ არა ჰიდროგენეზირებული მცენარეული ცხიმებისგან დამზადდა. სწორედ იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, შეგვიძლია, თუ არა, ამა თუ იმ პროდუქტის მიღების უფლება მივცეთ თავს, მასზე ზუსტად უნდა იყოს დატანილი, გამოყენებული პროდუქცია.

ჩვენ, ცხადია, ვერ ვამტკიცებთ, რომ კომპანია იმ პროდუქციას არ იყენებს, რაც უწერია და გვატყუებს, ჩვენ მხოლოდ იმას გიყვებით, რა კითხვები დავსვით და რა პასუხები მივიღეთ და აქვე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიას, დამატებითი განმარტების მოცემა ენდომება, მზად ვართ მოვუსმინოთ.

 

თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ ასეთი წვრილმანებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება და აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნიკოლოზის თქმით, მას სამუშაო ფორმა სახლში მიჰქონდა გასარეცხად, გასაშრობად, გასაუთავებლად. კომპანია გვპასუხობს, რომ სათადარიგო ფორმაც ქონდათ დასაქმებულებს. რატომ ავალდებულებენ კომპანიები თანამშრომლებს ფორმა სახლში წაიღონ გასარეცხად და ეს არ ხდება მხოლოდ ამ საწარმოში? და საერთოდ, მე როცა რაღაც პროდუქტს ვყიდულობ, ვყიდულობ კონკრეტული ბრენდის სახელით და არა რომელიმე ტექნოლოგის ასისტენტის სახელით და საერთოდაც არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ საწარმოში დასაქმებული პირის ფორმაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა დასაქმებულს აქვს. და თუ არ არის ეს ფორმა ბოლომდე გასუფთავებული? ვერ მოასწრო, პირობები არ აქვს? – თან ეს ადამიანი მუშაობს რძის საწარმოში. ვინ დაზიანდება საერთო ჯამში, პროდუქტი რომ დაბინძურდეს? ცხადია, მომხმარებელი. სათადარიგო ფორმა აქვთო, კომპანიამ და თუ ორჯერ, ზედიზედ დაგესვარა ფორმა ასეთ სპეციფიურ საწარმოში? მერე რა ხდება? სახლში მიდიხარ, თუ დასვრილი ფორმით აგრძელებ მუშაობს? როგორც ჩანს, საწარმოში დასაქმებულ პირებს, ფორმის მხოლოდ ერთხელ დასვრის უფლება აქვთ? რა გითხრათ?

 

გარდა ნიკოლოზ ჭინჭარაძისა, „ალიას“ კიდევ რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა, რომლებიც ასევე იგივე კომპანიაში მუშაობდნენ და შრომის პირობებსა და ადგილზე სისუფთავის უქონლობას უჩივიან, გვიყვებიან, რომ ნაყინისთვის რძეში თაგვების მიერ გამოჭმულ ე.წ. „მარგარინებს“ ყრიდნენ, გაუმართავია ელექტროობა, ადგილზე სიბინძურეა, მრავლად არიან მღრღნელები, გაუმართავია კანალიზაცია და წყალგაყვანილობა. გარდა ამისა, მათ მოგვაწოდეს ვიდეოები, რომლებიც, მათი თქმით, სწორედ ამ საწარმოაშია გადაღებული, ვიდეოებში მართლაც ჩანს გაუმართავი სისტემები, დანაგვიანებული გარემო, პარკები, რომელშიც „მარგარინის“ მსგავსი მასაა მოთავსებული და პარკები ნამდვილად დაზიანებულია და ნამდვილად ჰგავს ასე შეხედვით, თაგვის დაღრღნილს. ვაჩვენეთ ეს ვიდეოები ნიკოლოზს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად იმ საწარმოშია გადაღებული, სადაც მუშაობდა. გავუგზავნეთ კომპანიას ეს ვიდეობი და ვთხოვეთ კომენტარი. კომპანიის პასუხი ასეთია:

„წარმოდგენილი ვიდეოები არ ასახავს ჩვენ საწარმოს და შესაბამისად,  ნაყინის დამზადების პროცესს. ეს ვიდეოები იდო „არა მონობის“ გვერდზე . მათი მოთხოვნის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა საწარმო და მსგავსი კრიტიკული შეუსაბამობა ვერ აღმოაჩინა. შესაბამისად, ადგილი ქონდა მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და ემსახურებოდა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას. გამომდინარე აქედან, თავად „არა მონობის“ გვერდმა აიღო ეს ვიდეოები თავისი სოციალური გვერდიდან.  დამატებით აღვნიშნავთ, რომ სურსათის უვლებლობის სააგენტო მუდმივად ახორციელებს საწარმოს მონიტორინგს და მსგავსი შეუსაბამობა არასდროს დაფიქსირებულა.“

„ალია“ დაინტერესდა, რის საფუძველზე ამტკიცებს კომპანია, რომ ვიდეოები არ არის მის საწარმოში გადაღებული? ასე, სხვა ადამიანებიც გვიმტკიცებენ სიტყვიერად, რომ ეს ვიდეოები სწორედ ამ საწარმოშია გადაღებული, ვკითხეთ მათ, „გაქვთ რამე სახის მტკიცებულება, რომ ვიდეოები არ არის ავთენტური და არ არის იმ საწარმოში გადაღებული, რომელზეც ვსაუბრობთ?  ჩაუტარდა ექსპერტიზა? კომპანიას აქვს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ იგი არ ასახავს რეალობას?“ – ამ კითხვებზე კომპანიას პასუხი არ გაუცია.

 

„ალია“ დაუკავშირდა „ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის არა მონობას“ დამფუძნებელს მირანდა მაჭარაშვილს და ვთხოვეთ მას, გაეხსენებია ეს შემთხვევა, ვიდეოები მასაც გავუგზავნეთ, მირანდამ გვიამბო, რომ ამ საწარმოს შესახებ ვიდეოები და ინფორმაცია მართლაც მიაწოდეს ადამიანებმა, თუმცა, მისი თქმით, ვიდეოები, რომელიც მაშინ მათ გვერდზე გავრცელდა, განსხვავებული და ბევრად მძიმე სანახავი იყო. მირანდა იმასაც გვიყვება, რომ ვიდეოები მართლაც აიღეს გვერდიდან, თუმცა, ინფორმაცია არ წაუშლიათ. მირანდა გვიყვება, რომ ვიდეოებში ჩანდა მატლებიც და იმის სანახავად, მართლა იყო თუ არა დანადგარებში მატლები, დანადგარების დაშლა იყო საჭირო, რაც შემოწმებისას არ განხორციელდა, რადგან სურსათის უვნებლობის სააგენტო, დანადგარების ასეთი სახის შემოწმებას ვერ უზრუნველჰყოფს.

მირანდა მაჭარაშვილი:

„ორგანიზაცია არა მონობას 2022 წლის იანვარში დაუკავშირდა „ნიკორას“ საწარმოს ყოფილი თანამშრომელი დ.გ და მოგვაწოდა ფოტო–ვიდეო მასალა რომელიც მისივე თქმით, 2021 წლის სხვადასხვა პერიდოში მის მიერვე იყო გადაღებული და რომელიც ასახავდა საწარმოში მძიმე სანიტარულ მდგომარეობას. კერძოდ დაშლილ დანადგარებში მატლებს, სანაყინე დანადგარებს სიბინძურეში და ა.შ. ჩვენ მივმართეთ სურსათის უვნებლობის სააგენტოს რომელმაც დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება, შევიდა კომპანიის საწარმოში და შეამოწმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ვკითხულობთ, რომ შემოწმების დროს საწარმოში არ გამოვლენილა კრიტიკული შეუსაბამობები. ჩვენ ვიცოდით, რომ პასუხი ასეთი იქნებოდა ვინაიდან შემოწმების დროს სანაყინე დანადგარები არ მუშაობდა და იმ სეზონზე იყო აუცილებელი შემოწმება, როცა ვიდეოები იყო გადაღებული და აქტიურად მუშაობდა სანაყინე განყოფილება. როგორც წყარო გვიყვება, ვიდეოები ზაფხულის პერიოდშია გადაღებული – სწორედ იმ დროს როდესაც მუშაობა მიდის აქტიურად და ხშირია მსგავსი სანიტარული ნომრების დარღვევა. ყურადღება გავამახვილეთ მატლებთან დაკავშირებითაც, რომელიც მოწოდებულ ვიდეოში ერთ ერთ დანადგარზე ჩანდა და ვითხოვეთ ამ დანადგარების გახსნაც, თუმცა, როგორც მივიღეთ პასუხი, ამ დანადგარების გახსნას სპეციალისტი ჭირდება, ხოლო სააგენტომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეასრულა შემოწმება. ამის შემდეგ დაგვიკავშირდა „ნიკორას“ წარმომადგენელი და ვიდეოების წაშლა გვთხოვეს. ვინაიდან ვიდეოეში უცხო თვალისთვის რთული გასარჩევი იყო, სად იყო გადაღებული ვიდეო, მივიღეთ გადაწყვეტილება, წაგვეშალა ვიდეოები მაგრამ არა ინფორმაცია. ჩვენი ორგანიზაციის მიზანი ყველა მხარის უფლებების გათვალისწონება და დაცვაა. შესაბამისად, სწორედ ამით ვიხელძღვანელეთ. რაც შეეხება თქვენ მიერ აღნიშნულ ვიდეოებს, რომლებიც თითქოსდა ჩვენს გვერდზე იყო განთავსებული და შემდეგ წაიშალა, მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება.“

 

და მაინც, რა უნდა გააკეთოს ნიკოლოზმა, რომელმაც თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა? ნიკოლოზმა, რომელიც წლებია მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს? ნიკოლოზმა, რომელსაც აღარ შეუძლია ფიზიკური შრომით არჩინოს ოჯახი? რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელიც გვიყვება, რომ საშინელ პირობებში უწევდა მუშაობა, თუმცა, ითმენდა, სანამ შეეძლო, ტრაგედიის მერე კი, ისეთი ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქციეს, სამსახურიდან წასვლა აიძულეს? რა უნდა ქნას, თუ კომპანიის პასუხია – მოდი, გიმკურნალებ, თუმცა, თავადაც და კომპანიამაც კარგად იციან, რომ არ იკურნება ის, რაც ნიკოლოზს სჭირს, ვერ აღუდგება შრომის დაკარგული უნარი. რა უნდა ქნას, თუ კომპანია მას აბრალებს მისივე ტრაგედიას და გვპასუხობს, რომ მან თავად მოისურვა დანადგარის შეკეთება, რაც მას არ ევალებოდა და სწორედ ამიტომ დაკარგა თითები? რა უნდა ქნას, თუ იგივე კომპანია, რომელიც თვლის, რომ ნიკოლოზის დაუდევრობის და წესების შესურულებლობის ბრალია მისი თითების დაკარგვა, კომპენსაციის სახედ, ისევ იგივე საწარმოში მუშაობას სთავაზობს? ცხადია, იმ კომპანიისაც გაგვკვირვებია, თუ ნიკოლოზი იმდენად დაუდევარია, რომ საკუთარი თავი დაიზიანა, სხვა თანამშრომლებს ან პროდუქციას არ დააზიანებს? რა ლოგიკაში ჯდება? მაგრამ, რას ვიზამთ, სამწუხაროდ, ლოგიკის არქონა კანონით არ ისჯება. ნიკოლოზმა რა ქნას, ნიკოლოზმა? ახალგაზრდა მამაკაცმა დაკარგული შრომის უნარით, ნიკოლოზმა, რომელსაც ოჯახი ჰყავს და არ იცის, როგორ არჩინოს, ნიკოლოზმა, რომელიც თავის ისტორიას რომ მიყვებოდა, ტიროდა, ნიკოლოზმა, რომელიც თავს შეურაცხყოფილად, დაჩაგრულად, უფლებაშელახულად გრძნობს და ზოგჯერ ეს გრძნობა იმაზე ძლიერი, ვიდრე დაკარგული თითებით გამოწვეული ტკივილი?

„ალია“ დაუკავშირდა ნიკოლოზ ჭინჭარაძის ადვოკატს, ნიკოლოზ მჟავანაძეს და ვკითხეთ მას, რის გაკეთებას აპირებს და რას ხედავს, ამ ეტაპზე, საქმეში მთავარ დარღვევად.

ნიკოლოზ მჟავანაძე:

– გამოძიება დაწყებულია 240–ე მუხლის პირველი ნაწილით და ეს მუხლი ასეა ფორმულირებული: უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. შესაბამისად, დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს ემუქრებათ ციხე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასეც მოხდეს.

მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ექსპერტიზის პირველი პასუხის მიხედვით, „საამქროში დამონტაჟებული მილები, რომლებიც მუშაობის პროცესში ცხელი ჰაერის გამტარია, არ არის შეფუთული და დაცული იმისგან, რომ შემთხვევით არ მოხდეს იქ მომუშავე პერსონალის მიერ, აღნიშნულ მილებთან შეხება, როგორც ადგილზე განგვიმარტეს, მუშაობის პროცესში აღნიშნული მილები ისე ხურდება, რომ მათთან შეხება შეიძლება ადამიანისთვის სავალალო შედეგით დამთავრდეს. საამქროში სახარშე ქვაბი დამონტაჟებულია კუსტარული წესით. საამქროში შესასვლელთან, მარჯვნივ, მესამე ქვაბის მოძრავი სახურავი დამზადებულია კუსტარული წესით და იგი მის უძრავ ნაწილებზეც კუსტარულადაა მიმაგრებული.“

ექსპერტიზამ უკვე დადო ერთი დასკვნა, რომელშიც ამ ყველაფერზეა საუბარია და ეს დასკვნა უკვე გამოძიებას აქვს. ამ დასკვნის მიხედვითაც დგება, ჩემი აზრით, კომპანიის და მათი წარმომადგენელების პასუხისმგბელობის საკითხი. ეს ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე უკვე არის იმის საფუძველი, რომ ვიფიქროთ,  იქ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ ექცევა სათანადო ყურადღება. ადამიანს 3 თითი აქვს დაკარგული, დააბრუნეს და უთხრეს, აქ გამუშავებთ, ოღონდ დაგვიწერე, რომ არ გაქვს პრეტენზიაო. თუ ყველაფერი წესრიგში ქონდათ, რაში სჭირდებოდათ ნიკოლოზის ხელმოწერა ასეთ დოკუმენტზე? სად უნდა იმუშაოს ამ ადამიანმა? პრაქტიკულად, შრომისუუნაროა და გაწირეს შიმშილისთვის. მისთვის მიცემული კომპენსაცია ბამბა და „ზელიონკაა“ – გაუგონარი ამბავი.  არავინ დაინტერესებულა ამ ადამიანმა და მის ოჯახმა, როგორ უნდა იცხოვრონ.

გამოძიებამ, ექსპერტიზის წინაშე დასვა დამატებითი კითხვები, თუმცა, 4 წლის მერეც კი, ექსპერტიზას პასუხი არ გაუცია. ვვარაუდობ, რომ ექსპერტიზა რაღაცის და ვიღაცის, რომელიმე ბობოლა პირის ინტერესების გამოა „გაჭედილი“ და არ აგზავნის გამოძიების კითხვებზე პასუხებს. რა უნდა დაწეროს? როგორ შეიძლება ადამიანმა თითები დაკარგოს იმ კომპანიაში, სადაც ყველა პირობა შრომის უსაფრთხოების დაცულია? დავუშვათ, ადამიანი მუშაობს მეათე სართულზე და ოფისს რომ არ ჰქონდეს ფანჯრები და კედლები და ადამიანი გადმოვარდეს, კომპანიამ მერე ის უნდა თქვას, მისი ბრალიაო? მერე რა, რომ კედელი და ფანჯარა არ იყოო? თუ დაცული იყო ყველა პირობა სამუშაოდ, რატომ და როგორ დაკარგა თითი? რომ ჰქონოდა იმ დანადგარს თავსახური, დაკარგავდა თითებს? მე შენ გეტყვი, ისეთ სამსახურში მუშაობდა, რომელსაც ასეთი საშიში დაზიანება შეიძლებოდა მიეყენებია, ომის დროს ხომ არ დაუკარგავს არა, თითები. მუშაობდა რძის საწარმოში.  გეუბნებით, ყველაფერს ვიზამ რომ სიმართლე დავამტკიცო და დადასტურების შემთხვევაში, ციხეში წავლენ ის ადამიანებიც, რომლებიც ეუბნებობოდნენ ნიკოლოზს, პრეტენზია რომ არა გაქვს კომპანიის მიმართ, ეგ დაწერეო.

რატომღაც არ დაელოდნენ სასწრაფო დახმარებას და პირდაპირ თავიანთი მანქანით გადაიყვანეს კლინიკაში. სასწრაფო დახმარება რომ მისულიყო საწარმოში, დიდი ალბათობით, გამოიძახებდა საპატრულო პოლიციასაც, მაგრამ აქ სამედიცინო პერსონალის უპასუხისმგებლობაც იკვეთება – შეიყვანეს ეს ადამიანი ასეთი დაზიანებით საავადმყოფოში და ჩაწერა კლინიკამ საწარმოო დაზიანებააო, თავადვე წერს კლინიკა, აუტანელ ტკივილებს უჩიოდა ნიკოლოზიო და ვის ნათქვამს დაეყრდნო? არ უნდა გამოეძახა პოლიცია? რა იცის, ასე სიტყვაზე ენდობა რომ მხოლოდ საწარმოო ტრამვაა? იქნება, დავუშვათ და ნაჯახი დაარტყეს? როგორ შეიძლება ასეთი დაზიანებით მიიყვანონ ადამიანი კლინიკაში და საავადმყოფომ პოლიცია არ გამოიძახოს?

ეს საქმე იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ როგორც კი ეს საქმე დაიძვრება, უამრავი საჩივარი წამოვა, არაერთი ადამიანი ელოდება პროცესების სწორად განვითარებას, იმის დანახვას, რომ შესაძლებელია მათი უფლებების დაცვა. სწორედ ბიზნესის ასეთი დამოკიდებულების გამოა, რომ ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან. გამოვიდნენ ამას წინათ და კადრებს ვერ ვშოულობთო. 700 ლარს რომ უხდი ხელფასს, 1 კვირის საკვებად არ ჰყოფნის უკვე ის 700 ლარი და ბევრს მაგდენსაც არ უხდიან და გარდა ამისა, აგერ, შეიძლება, სულაც შრომისუუნარო დარჩე და კომპანიამ პასუხისმგებლობაც ვერ იგრძნოს – რა კადრებს ნახავ? ვინ გაჩერდება შენთან სამუშაოდ?

ისე არეკლამებს „ნიკორა“ ამ რძის პროდუქციას, რომელსაც აწარმოებს „ჩვენ ფერმერში“ და საქმე საქმეზე რომ მიდგება, პასუხის გაცემაც არ უნდა თავად, ჩვენ არაფერი გვეხებაო? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ წინასწარ იზღვევს თავს? ქურდს ქუდი ეწვისო, ნათქვამია. ყველა მეორე მოსახვევში მაღაზიებს ხსნიან. ვაღიარებ, ადრე მეც შევდიოდი ხოლმე მაგათ მაღაზიაში, ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ ვეღარ შევდივარ, ახლა „ნიკორას“ მაღაზიებში გამოფენილ პროდუქციას რომ ვუყურებ, სულ ვფიქრობ, რომ შეიძლება რომელიმე მათგანის დამზადებისას, ადამიანმა თითები დაკარგა, ან ჯანმრთელობა სხვა გზით დაიზიანა.

წყარო -ალია

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!