TaoNews.Ge

კვარაცხელიას შოუ ოლიმპიკოზე – ნაპოლის რომში ხვიჩამ მოაგებინა

ხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა.

„ნაპოლიმ“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელია კი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს არათუ არ შეუშინდა, არამედ ტურნირზე თავის სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. მის ანგარიშზე ნეაპოლურ გუნდში 6 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მასპინძლები „ლივერპულს“ პირველ ტაიმში ასე დაჯაბნიდნენ და სამ უპასუხო გოლს გაუტანდნენ. დებიუტში ანგარიში ზილენსკიმ პენალტით გახსნა. მე-18 წუთზე ოსიმენმა თავის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, შემდეგ კვარაცხელიას პასი გაუკეთა და მისი დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან ვან დეიკმა გამოიტანა. მალე ნეაპოლელებმა მეორე გაიტანეს – ხვიჩამ ბურთი გომესს აართვა, ანგისას მისცა, რომელმაც ზილენსკისთან კედელი გაითამაშა და ალისონის კარი დალაშქრა. 44-ეზე კი ხვიჩამ ფლანგზე ალეკსანდერ-არნოლდი და გომესი დაჯაბნა და ტრავმირებული ოსიმენის ნაცვლად შეცვლაზე შესულ სიმეონეს „ნაპოლიში“ სადებიუტო გოლი გაატანინა. შესვენებამდე აგრეთვე აღსანიშნავი იყო, როგორ ჩამოიცილა მოედნის ცენტრში ლამაზი ფინტებით ორჯერ ფაბინიო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზილენსკიმ დუბლი შეასრულა, მალე დიასმა ანგარიში შეამცირა. 57-ე წუთზე კვარაცხელია სწრაფი კონტრშეტევისას მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმა დაუბლოკეს და სპალეტიმ შეცვალა. მის არყოფნაში ნეაპოლელთა შეტევები ნაკლებად შემოქმედებითი და ულამაზო გახდა, თუმცა სპალეტიმ გუშინ თქვა, რომ ფუნდამენტური ლამაზი ფეხბურთი კი არა, არამედ ეფექტურობა და კონკრეტიკაა. სხვათა შორის, მოედნიდან გასვლისას ხვიჩა უკმაყოფილო იყო, დარჩენილ დროში საიერიშოდ სივრცეები უფრო გაეხსნებოდა, მაგრამ გრძელი სეზონისა და მჭიდრო კალენდრის გათვალისწინებით, მწვრთნელმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

13 სექტემბერს, მეორე ტურში, „ნაპოლი“ გლაზგოში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი – ლივერპული 4:1
გოლები: 1:0 ზილენსკი (5, პენ), 2:0 ანგისა (31), 3:0 სიმეონე (44), 4:0 ზილენსკი (47), 4:1 დიასი (49)

გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (18)

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!