TaoNews.Ge

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ზედიზედ მეცხრედ დაამარცხა

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ გახდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2023 წლის გათამაშების ფინალში პორტუგალია დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა.

შეხვედრა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართა. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რაგბი ევროპას ტურნირი პირველად ჩატარდა ახალი ფორმატით და შესაბამისად, „ბორჯღალოსნებმაც“ ისტორიაში პირველი ფინალი ითამაშეს, რომელიც დამაჯერებლად 38:11 მოიგეს.

არადა, პირველი ტაიმი ძალზე დაძაბული იყო, თანაბარი თამაშიც გამოვიდა. მე-7 წუთზე ანგარიში ლუზიტანელებმა გახსნეს, მაგრამ საქართველომ მალევე უპასუხა. ზოგადად, შესვენებამდე ლევან მაისაშვილის გუნდის ორივე ლელო აკა ტაბუცაძის ანგარიშზეა, საიდანაც თედო აბჟანდაძემ ერთი გარდასახა. პორტუგალია თავის მხრივ ერთი ლელოთი და ორი ჯარიმით გამოირჩა. შედეგად, შესვენებაზე უპირატესობა მხოლოდ 1 ქულა იყო.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მხოლოდ საქართველოს ნაკრები აგროვებდა ქულებს და უპირატესობა სოლიდური გახადა. მეტოქის ჩათვლის მოედანზე შალვა მამუკაშვილმა, გურამ პაპიძემ, დემე ტაფლაძემ და გიორგი ჭყოიძემ უწიეს, ხოლო გარდასახვები ერთხელ აბჟანდაძემ და ორჯერ ლუკა მატკავამ გაიტანეს. შედეგად, 38:11. ამ სხვაობას პირველი ტაიმის შემდეგ ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა.

ეს იყო საქართველოს ნაკრების საიუბილეო, მე-100 გამარჯვება კონკრეტულად რაგბი ევროპის ტურნირზე. „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპაზე ჩემპიონობა ზედიზედ მეექვსედ, ისტორიაში კი მე-15 მოახერხეს.

საქართველო – პორტუგალია 38:11 (12:11)

ქულები: 0:5 აპლეტონი (7), 5:5 ტაბუცაძე (14), 7:5 აბჟანდაძე (16), 12:5 ტაბუცაძე (25), 12:8 ბენტო (29), 12:11 ბენტო (32), 17:11 მამუკაშვილი (43), 22:11 პაპიძე (63), 24:11 აბჟანდაძე (64), 29:11 ტაფლაძე (70), 31:11 მაკტავა (71), 36:11 ჭყოიძე (77), 38:11 მატკავა (78)

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!