TaoNews.Ge

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარტიებს საკრებულოს პროპორციულ სიებში მამაკაცების ჩასმის ვალდებულება აღარ აქვთ

საკონსტიტუციო სასამართლომ საკრებულოს წევრობის პროპორციული სიების დაკომპლექტების თაობაზე განჩინება გამოიტანა. განჩინების თანახმად, პარტიები საკრებულოების წევრების მომავალ არჩევნებზე ვალდებულნი აღარ იქნებიან, პროპორციული სიები მამაკაცებით დააკომპლექტონ. ახალი გადაწყვეტილებით გაუქმდა დადგენილება, რომელიც პარტიებს ავალდებულებდა, სიების დაკომპლექტებისას „ყოველი მესამე განსხვავებული სქესის“ პრინციპით ეხელმძღვანელათ.

„ამ განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს“, – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების დადგენილების ნაწილში.

ამ დადგენილების „ა“ პუნქტი იმას გულისხმობს, რომ თუკი საკრებულოს წევრების მომავალ არჩევნებზე, პარტია პროპორციულ სიას სულ ქალებით დააკომპლექტებს, პრობლემა არ იქნება, ხოლო სხვა შემთხვევაში, სიის ყოველი მესამე წევრი ქალი უნდა იყოს. უფრო კონკრეტულად, სიის ყოველ სამ წევრში, აუცილებელია 1 ქალი იყოს, ხოლო სავალდებულო აღარ არის, ყოველ სამ წევრში 1 კაცი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია სიას არ დაარეგისტრირებს. აქამდე მოქმედი წესით, სიაში შესულ პირებში, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო, რაც ნიშნავდა, რომ თუკი სიაში 2 ქალი იქნებოდა, მესამე კაცი უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ადგილმონაცვლეობის შესახებ „ბ“ პუნქტს, სასამართლოს გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ თუკი უკვე არჩეულ საკრებულოში წევრებს გამოაკლდათ ქალი, მისი ადგილი ქალმა უნდა დაიკაოს. მაგრამ თუკი გამოაკლდება კაცი, ეს პრინციპი კაცზე არ მოქმედებს და მის ადგილს იკავებს სიაში მყოფი მომდევნო პირი, მიუხედავად სქესისა. აქამდე მოქმედი კანონით, თუკი საკრებულოს წევრი გამოაკლდებოდა, მისი ადგილი სიაში მყოფ იმავე სქესის შემდეგ პირს უნდა დაეკავებინა.

ახალი გადაწყვეტილება ადგილმონაცვლეობის პუნქტზე დღეიდან უკვე ვრცელდება, ხოლო საკრებულოს პროპორციული სიების დაკომპლექტებაზე პუნქტი, საკრებულოს მომავალ არჩევნებზე გავრცელდება.

გენდერული კვოტირების წესი საკრებულოებს 2028 წლამდე ჩასატარებელ არჩევნებზე ეხებათ, შემდეგ ყველა წესი მოიხსნება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელით 2021 წლის 17 აგვისტოს მიმართეს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, პარტიის წევრებმა და ამომრჩევლებმა ნინო თოდრიამ, მართა ქარდავამ, ნინო ორდენიძემ და სხვებმა (სულ 12 მოსარჩელე). მოსარჩელეთა ინტერესებს ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი იცავდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!