TaoNews.Ge

რუსეთში საკალათბურთო მატჩის ჩასატარებლად ჩასული გიორგი შერმადინი რუსმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს

რუსეთში საკალათბურთო მატჩის ჩასატარებლად ჩასული გიორგი შერმადინი რუსმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს

5 მაისს, რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი იწყება, სადაც სხვებთან ერთად გიორგი შერმადინის „ტენერიფემაც“ უნდა ითამაშოს.

„ტენერიფე“ რუსეთში უკვე ჩაფრინდა და ბუნებრივია გუნდთან ერთად იყო ქართველი კალათბურთელიც, რომელიც ესპანური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი და საკვანძო ფიგურაა.

გიორგი შერმადინი ნიჟნი ნოვგოროდში კი ჩავიდა, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა ის ქვეყანაში არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. ამბავს ადასტურებს და ფოტოსაც ურთავს, „ტენერიფეს“ ბრაზილიელი ლეგიონერი და შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო ჰუერტასი, რომელიც ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე იმ სავარძელს აქვეყნებს, რომელზეც შერმადინს აეროპორტში ღამის გათენება იძულებით მოუხდა.

„შერმადინი ჩვენი გუნდის საუკეთესო კალათბურთელია. უბრალოდ, წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ მათ ის ქვეყანაში არ შეუშვეს. გიორგის, ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ღამის გათენება ამ სავარძელზე მოუხდა. ჩვენ შენთან ვართ გიო“ – წერს ბრაზილიელი კალათბურთელი.

პოპულარული ესპანური გამოცემის თქმით, ფიბა და საკალათბურთო კლუბი „ტენერიფე“ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობენ. გიორგი შერმადინის რუსეთში არ შეშვების მიზეზი უცნობია.

წყარო: primesport.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!