TaoNews.Ge

რუსეთი სომხეთის ატომური ელექტროსადგურის სიცოცხლისუნარიანობის გაახანგრძლივებს

რუსეთი სომხეთის ატომური ელექტროსადგურის სიცოცხლისუნარიანობის გაახანგრძლივებს

2021 წლის 18 მარტს მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დირექტორის, მოვსეს ვარდანიანის განცხადებით, სომხეთში ატომური ენერგეტიკის განვითარების მიზნით, რუსული სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ მონაწილეობით  ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

არსებული მონაცემებით, მეწამორის ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა 2026 წელს უნდა შეაჩეროს, სამუშაო ჯგუფის მიზანი კი სადგურის 420 მეგავატის სიმძლავრის რეაქტორის სიცოცხლისუნარიანობის კიდევ 10 წლით გახანგრძლივება იქნება. სომხეთში მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალი სადგურის მშენებლობისთვის საკმარისი ინვესტიციების მოძიება ვერ მოხერხდა.

სადგური, რომელიც ერევნიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს, 1970-იან წლებში აშენდა. სადგური სომხეთის ელექტროენერგიის 40%-ს გამოიმუშავებს. 1988 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სადგური დროებით დაიხურა, მაგრამ მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შედეგად შექმნილი კრიზისის გამო სადგურის ერთი რეაქტორი 1993 წელს ამუშავდა. მოგვიანებით მეორე რეაქტორიც აამუშავეს.

სადგური რუსული მმართველობის ქვეშ არის და მისი მუშაობის უსაფრთხოებისათვის 2015 წელს რუსეთმა სომხეთს 270 მლნ აშშ დოლარის კრედიტი და 30 მლნ აშშ დოლარის გრანტი გამოუყო. არსებული სადგურის რეაბილიტაციის პარალელურად, სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხიც ინარჩუნებს აქტუალობას.

ატომური ენერგეტიკა სომხეთის ენერგომოხმარებაში კრიტიკულ მნიშვნელობას ინარჩუნებს და მისი განვითარება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ენერგოსექტორი პრაქტიკულად სრულად რუსეთის გავლენის ქვეშ არის, არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში ატომური ენერგეტიკის განვითარება, რაც სომხეთის ენერგოუსაფრთხოების გარანტად მიიჩნევა, მხოლოდ რუსეთის დახმარებით არის შესაძლებელი.

წყარო: gfsis.org

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!