TaoNews.Ge

როდემდე უნდა გაგრძელდეს ცალმხრივი „მეგობრობა“?! – ზაქათალასა და ბელაქანში ქართულ წარწერებს ვერსად შეხვდებით

როდემდე უნდა გაგრძელდეს ცალმხრივი „მეგობრობა“?! – ზაქათალასა და ბელაქანში ქართულ წარწერებს ვერსად შეხვდებით

როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წელსაც, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით, რამაზანის თვის დადგომასთან დაკავშირებით, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში სარეკლამო ბილბორდებზე მისალოცი ბანერები განთავსდა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მისალოცი ბანერების განთავსებაში აღმოჩენილი დახმარებისათვის მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიებს მადლობას უხდის,” – ნათქვამია დღეს, 14 აპრილს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გილოცავთ რამაზანის თვეს!“, „კეთილი იყოს მარხვის რამაზნის თვის მობრძანება!“ – ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ამ წარწერებითა და მეჩეთების გამოსახულებებით სარეკლამო ბანერებს გასული წლების მსგავსად წელსაც შეხვედებით მარნეულსა და გარდაბანში.

ბუნებრივია, საქართველოში რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლებაა და მუსლიმთა სამმართველოს რამადანის მარხვასთან დაკავშირებით სარეკლამო ბანერების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქუჩებში, მოედნებზე, შენობებზე) განთავსების სრული უფლება აქვს, მაგრამ საინტერესოა ერთი დეტალი – რამადანის მილოცვის ბანერები მარნეულისა და გარდაბნის მერიების ნებართვით სახელმწიფო ენის – ქართულის გარდა განთავსებულია აზერბაიჯანულ ენაზეც.

ქვემო ქართლისგან განსხვავებით, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში – აზერბაიჯანში, ისტორიულ ქართულ კუთხეში – საინგილოში სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებაა ეთნიკური ქართველების მიმართ. ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში არასდროს დაფიქსირებულა პრეცედენტი, რომ თუნდაც რამადანის ან ბაირამის ისლამურ დღესასწაულებზე აზერბაიჯანის მოქალაქე მუსლიმი ქართველებისთვის ქართულ ენაზეც მიელოცათ სარეკლამო ბანერებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. იმ სოფლებშიც კი, სადაც მოსახლეობის 98% ეთნიკური ქართველია, სარეკლამო ბანერებს ყოველ წელს მხოლოდ სახელმწიფო ენაზე – აზერბაიჯანულზე შეხვდებით. ზაქათალისა და ბელაქნის რაიონების ქართულ სოფლებშიც კი არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებზე ვერსად შეხვდებით ქართულენოვან წარწერებს, არამედ რიგით მარკეტზეც კი ვერსად ნახავთ ქართულ წარწერებს, რადგან ამის უფლებას ადგილობრივი აზერბაიჯანული ადმინისტრაცია არ იძლევა.

ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში, სადაც მოსახლეობის 98% ეთნიკური ქართველია, საჯარო დაწესებულების – #1 სკოლის შენობის შესასვლელში უკანასკნელი ქართული წარწერა ჯერ კიდევ 2009 წელს ჩამოხსნეს ალიაბადში საქართველოს ელჩის – თეიმურაზ შარაშენიძის სტუმრობის შემდეგ, ცხადია, ადგილობრივი აზერბაიჯანული ადმინისტრაციის ბრძანებით (ქართველი დიპლომატების სრული გულგრილობის ფონზე, ალიაბადის დანარჩენ სამ სკოლაში ქართული სექტორების დაკეტვის პროცესი 2014 წელს დასრულდა, რის შემდეგაც ინგილო ქართველ მშობელთა უმრავლესობა, ნებსით თუ უნებლიედ, იძულებულია, შვილები პირველი კლასიდანვე აზერბაიჯანულ ან რუსულ სკოლებში შეიყვანოს).

კახის რაიონში, სადაც მართლმადიდებელი ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, შობის ან აღდგომის დღესასწაულებზეც კი არასდროს დაფიქსირებულა პრეცედენტი, რომ აზერბაიჯანულ ადმინისტრაციას ქართულ ენაზე მიელოცათ ქრისტიანული დღესასწაულები, თუნდაც ქვემო ქართლის ანალოგიურად – ბანერებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

საინტერესოა ასეთი „ცალმხრივი“ ტოლერანტობა და მეგობრობა როდემდე უნდა გაგრძელდეს?! რაიმე პარიტეტი მინიმალურ დონეზე მაინც ხომ უნდა არსებობდეს?! თავად აზერბაიჯანის კონსტიტუციასა და კანონებს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფლებებსა და თავისუფლებებს დეკლარირებულად აღიარებს, როდემდე უნდა არღვევდნენ ადგილობრივი აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები?! ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და ასიმილაცია-დენაციონალიზაციის პოლიტიკა საინგილოში ხომ უპირველესად საქართველო-აზერბაიჯანის მტკიცე მეგობრობასა და ქართულ-აზერბაიჯანულ ტრადიციულ ურთიერთობებს აზიანებს?!

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

წყარო-http://hotnews.ge/index.php/en/africa/item/25105-zataq-megobrob?fbclid=IwAR0zGFT3irz4qmmdmgXnNSM2Z5oY3Zhc5C-JzboZOKKgzddDowSL0jJSyUI

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!