TaoNews.Ge

პარლამენტში ხვალ ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება

პარლამენტში ხვალ ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებს, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება.

“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კომიტეტი 1-ელი მარტის სხდომაზე განიხილავს. პროექტის ინიციატორია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა შეიზღუდება და გავრცელდება მხოლოდ უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილსა და არასრულწლოვნის მშობელზე.

როგორც სარჯველაძე განმარტავს, გაუმჯობესდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

“საქართველოში 6-წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლების არსებობისას, უცხოელს შეეძლება დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება, რითაც ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს გამოუსწორდება პრობლემა, რადგან მასზე აღარ გავრცელდება მოქალაქეობის ქვეყანაში რეგისტრაციიდან მოხსნის ვალდებულება”,- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ასევე, С-კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება.

კანონპროექტით, მხოლოდ აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ ასევე პირებს, რომლებიც იმ ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომელთაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის უფლება აქვთ.

პროექტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ მათთვის საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

წყარო-ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!