TaoNews.Ge

“ნაციონალური მოძრაობა” ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პირადი ამბიციების მძევალია” – რას წერს ბელგიური გამოცემა ექსპრეზიდენტზე?

“ნაციონალური მოძრაობა” ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პირადი ამბიციების მძევალია” – რას წერს ბელგიური გამოცემა ექსპრეზიდენტზე?

ბელგიის გამოცემა (Euractiv-მა) გამოაქვეყნა სტატია სათაურით – “საქართველო ჩემს ფიქრებში” (ავტორი – გიორგი გოტევი), რომელშიც განხილულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და ამჟამინდელი მოღვაწეობა საქართველოს მიმართ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.
რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს თავისი ქვეყნისთვის? ან რამდენი ცუდის? და განა საკვირველი არ არის, როცა ერთი და იგივე ადამიანი თავისი ცხოვრების ერთ ნაწილში კარგ საქმეებს აკეთებს და მეორე ნაწილში – ცუდს?

საფრანგეთში, მაგალითად, მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, აღნიშნონ თუ არა საზეიმოდ 5 მაისს ნაპოლეონ ბონაპარტის გარდაცვალების 200 წლისთავი. შეიძლება ეს საკითხი სხვა თემაზეა, მაგრამ არგუმენტები მსგავსია: ნაპოლეონმა საფრანგეთი დიდების მწვერვალზე აიყვანა, გააფართოვა, მაგრამ ვატერლოოს შემდეგ ქვეყნის ტერიტორია უფრო მცირე გახდა, ვიდრე  ხელისუფლებაში მის მოსვლამდე იყო.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო ზედიზედ, ორი ვადით ანუ 2004 წლის 25 იანვრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე. ამ პერიოდში მან ბევრ წარმატებას მიაღწია: უეჭველია, იგი დიდი რეფორმატორი იყო ქვეყნისთვის, მაგრამ ნამდვილად ჰქონდა დიდი წარუმატებლობებიც.
თუკი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, ერთი მხრივ, “პოლიტიკური ჭაობით” დაიჩრდილა, მეორე მხრივ – ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის უპრეცედენტო ზრდით – საშუალოდ, 10%-ით აღინიშნა, მკვეთრად დაეცა კორუფციის დონე. მისი საგარეო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი იყო პრონატოური და პროდასავლური კურსი. სხვათა შორის, იგივე პოლიტიკას ახორციელებენ დღეს მისი მემკვიდრეებიც და პოლიტიკური მტრებიც.

ბევრი ბრალს სდებს მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ დაგებულ ხაფანგში მოხვდა და საბაბი მისცა რუსეთს, რომ მისი ჯარი საქართველოში შეჭრილიყო და სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირება მოეხდინა.

ძნელია დაივიწყო ის ვიდეოკადრები, რომელიც გადაიღეს რუსეთთან კატასტროფული, ხუთდღიანი ომის დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი ნერვიულად ღეჭავს თავის ჰალსტუხს. ნიკოლა სარკოზის ჩარევა რომ არა, რუსეთის ჯარები მეორე დღეს უკვე თბილისში შევიდოდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო. ქვეყნიდან წასული ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ 2017 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სამსახურებრივი [თანამდებობრივი] უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობისა და კორუფციის ბრალდებით და იგი დაუსწრებლად გაასამართლეს. ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს უკრაინაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს დადებული შეთანხმება ექსტრადიციის შესახებ. უკრაინაში სააკაშვილი პოპულარულია და დღემდე პროდასავლური რეფორმატორის სახელით სარგებლობს.
ექსპრეზიდენტს საკუთარ, მშობლიურ ქვეყანაშიც აქვს მნიშვნელოვანი გავლენა იმ პარტიით, რომელიც მისი დაარსებულია და რომლის ლიდერიც გახლავთ – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობით” (ენმ), რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევა.
გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “ნაცმოძრაობამ” ხმების 27% მიიღო და 150-ადგილიან პარლამენტში 36 დეპუტატის გაყვანა შეძლო. მისმა მოწინააღმდეგემ, მმართველმა პარტიამ – “ქართულმა ოცნებამ” მიღებული ხმების 48%-ით საკანონმდებლო ორგანოში 90 ადგილი დაისაკუთრა. მაგრამ “ნაციონალებმა” არჩევნების შედეგები მაინც გაყალბებულად მიიჩნიეს და პარლამენტში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა მათ მასობრივი ფალსიფიკაციის დამადასტურებელი რამე მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.
ოპოზიციის მოქმედების შედეგად ქვეყანა ქაოსში ჩაიძირა. ოპოზიციონერებმა, იმის ნაცვლად, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობა მიეღოთ, პარლამენტის წინ კარვები დასცეს. გასულ თვეში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა – “ერთიანი ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკანორ მელიას დაკავების გამო, რომელმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა გამოიწვია.
ამას წინათ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი) შარლ მიშელი საქართველოს ეწვია [ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის] შუამავლის როლის შესასრულებლად და დაპირისპირების გასანეიტ

რალებლად. კავკასიის რეგიონში სიტუაცია ისედაც დაძაბულია – სომხეთი ჯერ ვერ დაწყნარებულა საზოგადოების მრისხანებისგან, რომელიც გასულ წელს აზერბაიჯანთან მომხდარმა კატასტროფულმა ომმა გამოიწვია, მთიან ყარაბაღის გამო.

ევროკავშირის შუამავლობის შედეგები ძალიან არის დამოკიდებული მიხეილ სააკაშვილის მოქმედებაზე: საქართველო შეიძლებოდა პოსტსაბჭოთა სივრცის სანიმუშო “მოსწავლედ” გადაქცეულიყო, ყოფილი პრეზიდენტის დიდი ჩრდილი რომ არ ახდენდეს გავლენას ქვეყნის პოლიტიკაზე.

ამჟამად “ერთიანი ნაცმოძრაობა” ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პირადი ამბიციების მძევალია, რომელიც, თავის მხრივ, საკუთარ პოზიციებს ევროკავშირის იმ წრეების მხარდაჭერით იცავს, რომლებიც მზად არიან, თვალი დახუჭონ იმ ზიანზე, რომელიც მან საკუთარ ქვეყანას მიაყენა “დასავლეთის საყვარელი პოლიტიკოსის” ამპლუაში.

“ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა მოსულა”, – ასე უთქვამს ერთხელ საფრანგეთის მეფეს – ლუდოვიკო მეთხუთმეტეს. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთვის სიკეთე უკვე აღარ სურს. იგი კარგად აცნობიერებს იმას, რომ ვეღარ გაიმარჯვებს და ახლა, ალბათ, საკუთარ თავს იმით ინუგეშებს, რომ ხელს უწყობს ქვეყნის დესტაბილიზაციას.
შესაბამისად, იგი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ისევ აგრძელებს იმ თამაშს, რომელიც მისმა დაუძინებელმა მოწინააღმდეგემ – ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო. კრემლს მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ადამიანებისთვის ასეთი გამოთქმა აქვს – “სასარგებლო იდიოტი”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!