TaoNews.Ge

აშშ-ში ემიგრაციაში კიდევ ერთი უვადო მოსამართლე წავიდა

“მინდა, განვუცხადო „tv პირველის“ ჟურნალისტებს: მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა არც ქვეყნიდან გაქცევას და არც უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მიმართ” – ყოფილი მოსამართლე მაკა გველესიანი “tv პირველის” სიუჟეტთან დაკავშირებით

იუსტიციის უმაღლესი საბჭო “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე ყოფილი მოსამართლის – მაკა გველესიანის განცხადებას ავრცელებს, რომელიც 25 მარტს “tv პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხება. განცხადებაში მაკა გველესიანი დეტალურად საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მიზეზებზე და არხის ცრუ ბრალდებებს ეხმაურება.

“მსურს, გამოვეხმაურო „tv პირველის“ ეთერით „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც არის სიცრუე, ვინაიდან ჟურნალისტების მიერ გაშუქებულმა არასწორმა ინფორმაციამ არაჯანსაღი გამოხმაურება გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას მე ვაწვდი საზოგადოებას და არა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ისედაც იცოდნენ სრული სიმართლე ჩემს შესახებ და ერთი თვის განმავლობაში, რაც სიუჟეტს ამზადებდნენ, მხოლოდ ამის მოფიქრება შეძლეს.

2021 წლის თებერვალში, ჩემს ერთ-ერთ შვილს დაუდგინდა აუტოიმუნური დაავადება, რომელიც მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას და მედიკამენტების მიღებას საჭიროებს. მალევე – 2021 წლის მაისში მოვიგეთ აშშ-ის „მწვანე ბარათი“. ვინაიდან აღნიშნული დიაგნოზის პაციენტების სრულყოფილი გამოკვლევა ვერც მაშინ და ვერც ამჟამად ვერ ხერხდება საქართველოში, გადავწყვიტეთ აშშ-ში ვიზის მიღების შემდეგ გამგზავრებულიყავით.

2022 წლის 1-ელ ივლისს უკვე მიღებული გვქონდა ვიზები, მაგრამ ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ოქტომბრის ბოლომდე ვერ შევძელით წასვლა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ჩემი ყოფილი კოლეგები ინფორმირებული იყვნენ ჩემი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც ჩემი განცხადება არაანაზღაურებადი შვებულების შესახებ დაკმაყოფილდა, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე (რომლებიც შვებულებაში გასვლამდე 2-3 დღით ადრეც ჩვეულებრივ რეჟიმში მეწერებოდა და ფიზიკურად ვერ შევძელი განხილვა) ჩემი თანაშემწის მიერ მხარეები გაფრთხილებულ იქნა ჩემი შვებულებაში ყოფნის და საქმეების განხილვის გადადების თაობაზე, რასაც ადასტურებს შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებში არსებული, მხარეებთან გასაუბრების სატელეფონო აქტები.

შვებულების პერიოდში ვერ შევძელით ჩემი შვილისთვის სრულყოფილი სამედიცინო შემოწმების ჩატარება, ვინაიდან დაზღვევის საბუთების მოწესრიგებას და პედიატრთან კვლევას დასჭირდა დრო. პედიატრის მიმართვის საფუძველზე კი მხოლოდ 2023 წლის 3 იანვარს მოხერხდა ვიზიტის ჩანიშვნა ბავშვთა ენდოკრინოლოგთან. ექიმთან ვიმყოფებოდით 20 იანვარსაც, ხოლო შემდეგი ვიზიტი გვაქვს 21 აპრილს. როგორც უკვე ვთქვი, აღნიშნული დაავადება მუდმივ სამედიცინო კონტროლსა და მკურნალობას საჭიროებს, რისი გათვალისწინებითაც ჩემი ერთჯერადი ჩამოსვლა აშშ-ში საკმარისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ჩამოსვლიდან დღემდე არ მოიხმარდა აუცილებელ მედიკამენტებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული, რასაც ექიმის კვლევაც ადასტურებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა მოსამართლის თანამდებობა. ჩემს განცხადებაშიც დეტალურად მაქვს განმარტებული აღნიშნული საფუძველი.

ამასთან, მინდა, განვუცხადო „tv პირველის“ ჟურნალისტებს: მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა არც ქვეყნიდან გაქცევას და არც უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მიმართ. 2022 წლის 1-ლი ივლისიდან უკვე გვქონდა ვიზები (2015 წლიდან მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა აშშ-ის 10-წლიანი ვიზები), შვებულებაში გასვლამდე ვიხილავდი სისხლის სამართლის საქმეებს ჩვეულებრივ რეჟიმში და რამდენიმე მათგანი მხოლოდ ობიექტური მიზეზების გამო ვერ დასრულდა. ასევე, სიცრუეა სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსამართლეებს არ აქვთ შესაბამისი სამუშაო პირობები. პირადად ჩემი წასვლა ქვეყნიდან არ არის დაკავშირებული ჩემს სამსახურთან და პირიქით, – მადლობა სასამართლოს მენეჯმენტს იმ მშვიდი და ორგანიზებული გარემოსთვის, რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

რაც შეეხება ე.წ. “გახმაურებულ საქმეებს”, ჩემთვის ასეთი საქმე არ არსებობდა, ვინაიდან ყველა საქმე და ყველა პირის უფლება იყო თანაბარმნიშვნელოვანი, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ 16 წლის მოღვაწეობის მანძილზე, ჩემ მიერ განხილულ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე “ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს” არ დაუდგენია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

ჩემი მოსაზრებით, ჟურნალისტებს ეტყობოდათ, რომ სრულად იყვნენ ინფორმირებული ვიზების, ჩემი გამგზავრების მიზეზებისა და ჩემი შვილის ავადმყოფობის შესახებ (რაც მათ მიერ შესწავლილი ჩემი დეკლარაციითაც დასტურდებოდა) და მიუხედავად აღნიშნულისა, ცდილობდნენ ტყუილებზე აქცენტების გადატანით მათთვის სასურველი რეალობის შექმნას. მათ არ უცდიათ ჩემთან დაკავშირება. მათ ე.წ. “ინფორმატორს” ის ინფორმაციაც ექნებოდა, რომ ჩემს მეგობრებთან და ყოფილ კოლეგებთან ურთიერთობა კვლავ მქონდა და მათი მეშვეობით შეძლებდა ჩემთან დაკავშირებას, რაც არ გააკეთეს.

ჩემთვის მუდმივი დედობის სტატუსია, მოსამართლეობა კი – დროებითი თანამდებობა (რაც არ უნდა მას კანონი უვადოს უწოდებდეს), ამიტომ მე როგორც მშობელმა, ჩემი შვილის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომელსაც, ჩემი მოსაზრებით, ყველა მშობელი მიიღებდა. სიუჟეტის ავტორებს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება სხვა პრიორიტეტები ჰქონდეთ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ეს არ აძლევს არავის უფლებას, ჩაერიოს ჩემი და ჩემი ოჯახის უფლებებში.

პატივისცემით,

მაკა გველესიანი

p. s. რაც შეეხება ჩემს უმაღლეს განათლებას და დიპლომს, აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე არის სარჩელი – “საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” #712. აღნიშნული მე მეკუთვნის, შეგიძლიათ, დეტალურად გაეცნოთ და გაერკვევით, რა იყო პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სარჩელი საერთო სასამართლოების წესით სარჩელის შეტანამდე შევიტანე, ის საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა (ჩემს შემდეგ შეტანილ არაერთ სარჩელს მიენიჭა უპირატესობა). იმჟამად მოქმედი კანონის თანახმად, ფიზიკურ პირს შეეძლო, მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, როდესაც მისი უფლებები იყო შელახული და, შესაბამისად, გააჩნდა სამართლებრივი დავა. საერთო სასამართლოების წესით უფლებების აღდგენის შემდეგ, ვინაიდან აღარ გამაჩნდა სამართლებრივი საფუძველი, უარი განვაცხადე აღნიშნული სარჩელის განხილვაზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!