TaoNews.Ge

მამარდაშვილის ფანტასტიური დებიუტი ლა ლიგაში! გიორგიმ ვალენსიას მოაგებინა

ვალენსიას შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის სუპერდებიუტი შედგა! 20 წლის ქართველმა მეკარემ ხეტაფესთან ფანტასტიკურად ითამაშა და ვალენსიას სეზონის პირველ გამარჯვებაში დაეხმარა (1:0).

იასპერ სილესენმა გამოჯანმრთელება მოახერხა, მაგრამ ამ თამაშისთვის ბოლომდე მზად არ აღმოჩნდა, ხაუმე დომენეკი ტრავმირებულია, ხოლო კრისტიან რივეროს ბორდალასმა გიორგი ამჯობინა. გამოცდილი ესპანელი სპეციალისტი არჩევანში არ შემცდარა, რადგან ქართველმა კიპერმა ძალიან აუღელვებლად, მშვიდად და დამაჯერებლად ითამაშა! რაც მთავარია, კარი მშრალად შეინახა და თავისი გუნდის გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი 4 სეივით შეიტანა.

 20 წლის მეკარემ ლა ლიგაში პირველი სეივი თამაშის 21-ე წუთზე მიითვალა. დამიან სუარესმა ჯარიმა დაარტყა და მამარდაშვილი დამაჯერებლად გაისარჯა. მეორედ მას საქმეში ჩართვა 35-ე წუთზე მოუწია, თუმცა არამბარის თავური დარტყმა სირთულეს არ წარმოადგენდა. მე-2 ტაიმში ხეტაფე საგრძნობ უპირატესობას დაეუფლა და სამჯერ არამბარი იყო ახლოს გოლთან, მაგრამ ორჯერ მცირედით ააცილა კარს, ერთხელ ვალენსია ძელმა იხსნა. 84-ე წუთზე კი საქმეში მამარდაშვილიც ჩაერთო, რომელმაც უგო დუროს საკმაოდ რთული დარტყმა უკუაგდო, თანაც რიკოშეტი იყო და რამაც ბურთზე რეაგირება გაართულა, მაგრამ გიორგიმ ძალიან კარგად ითამაშა. ყველაფრის კულმინაცია მსაჯის მიერ კომპენსირებული მე-3 წუთი იყო, როცა მამარდაშვილმა ფანტასტიკური, შესაძლოა, ტურის სეივიც შეასრულა და ვალენსიას სეზონი გამარჯვებით დააწყებინა!

უნდა აღინიშნოს, რომ ვალენსია მე-3 წუთიდან უგო გილამონის გაძევების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა. “ღამურების” მცველმა თამაშის წესი 35-ე წამზე დაარღვია, მაგრამ ვიდეორეფერიმ დრო წაიღო და გაძევება მე-3 წუთზე დაფიქსირდა. მოედანზე ფეხბურთელთა თანაფარდობა 76-ე წუთზე აღდგა, როცა ხეტაფეს ფეხბურთელი ერიკ კაბაკო გააძევეს. მატჩის ბედი კი მე-10 წუთზე კარლოს სოლერის პენალტით გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც დენის ჩერიშევის წაქცევისთვის დაინიშნა.

მამარდაშვილი 2001 წლის შემდეგ პირველი ქართველია, რომელმაც ლა ლიგის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. მანამდე ეს გიორგი დემეტრაძეს ჰქონდა გაკეთებული, როდესაც სან სებასტიას სოსიედადის ღირსებას იცავდა. მას შემდეგ ლა ლიგაში შოთა არველაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმაც ითამაშეს, მაგრამ მხოლოდ შეცვლებზე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 1-წლიანი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ხოსე ბორდალასმა 20 წლის კიპერს თავის გამოჩენის შანსი ბერძნულ ატრომიტოსთან, კარტახენასთან, ლევანტესა და მილანთან შეხვედრებში მისცა, მათ შორის სამ შემთხვევაში მოედანზე 90 წუთი გაატარა და ასევე 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა. გიორგიმ ოთხივე მატჩში შანსი საკმაოდ კარგად გამოიყენა და ფანების ქებაც დაიმსახურა.

popsport

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!