TaoNews.Ge

კახა კახიშვილი: მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ყველა, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში, პირდაპირ ეთერში ვისაუბრო ჩემს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით

..პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, რეგლამენტით განსაზღვრული დროის ამოწურვის გამო, არ მომეცა საშუალება, დეტალურად განმემარტა, კონკრეტულად რას ვგულისხმობდი მედიასთან დაკავშირებული ინიციატივით გამოსვლისა და რეგულაციებზე საუბრისას. საკითხზე შეგნებულად სხვადასხვა მცდარი ინტერპრეტაციისა და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, დეტალური განმარტება გავაკეთე სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან. იმედს ვიტოვებ, რომ ეს განმარტებები გაშუქდება ისე, როგორც ითქვა.
აღვნიშნე, რომ დღეს მედიაში გასული სიუჟეტის გასაჩივრება მხოლოდ ორ ინსტანციაში არის შესაძლებელი, პირველი – ეთიკის ქარტია და მეორე – სასამართლო. რაც შეეხება ქარტიას, ამ შემთხვევაში, გაურკვეველია, როდის განიხილავენ, რას გადაწყვეტენ და რამდენად ადეკვატური იქნება ეს ზომა სიუჟეტით გამოწვეულ ზიანთან მიმართებაში. სასამართლოში მორალურ ზიანთან დაკავშირებით კი, შეგიძლია, შეიტანო სარჩელი, მაგრამ ვინაიდან არ არის განსაზღვრული განხილვის ვადები, ეს პროცესი შეიძლება, წლები გაგრძელდეს, დაკარგოს აქტუალობა, მეტიც, გადაწყვეტილების გამოცხადებისას შესაძლოა, აღარც შენ და აღარც საზოგადოებას ახსოვდეს რასთან დაკავშირებით შეიტანე სასამართლოში სარჩელი. საკითხი არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე მედიაში გასულ მასალას, არამედ ნებისმიერი ადამიანის ღირსების შემლახავ და შეურაცხმყოფელ განცხადებას შეეხება. ჩემი აზრით, ამიტომ, საჭიროა საჩივრის განხილვის ვადების განსაზღვრა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა, უნდა, საკითხი არ ეხება ისეთ ინიციტივას, რომელიც მედიას დაუწესებს ცენზორს და გადაწყვეტს, რა სიუჟეტი უნდა გააკეთონ და რა – არა, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი შესაძლებლობა, ცილისწამებაზე მოითხოვოს დროული და ადეკვატური რეაგირება. სხვანაირად ჩვენ ვერ ავაშენებთ ადამიანის უფლებებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას. გამორიცხულია, ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლით, ზიზღით, ცილისწამებით, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი კამპანიით შევქმნათ ჯანსაღი გარემო ქვეყანაში ჩვენი შვილებისთვის.
ვფიქრობ, დროა, საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავად მედიამფლობელებმა, ჟურნალისტებმა, დეპუტატებმა, სფეროს ექსპერტებმა, დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა, თუ რა მექანიზმი შეიძლება, შეიქმნას, რომ დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ამავე დროს, ადამიანის ღირსება და რეპუტაცია.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ჟურნალისტს, რომელიც გულწრფელად, ყველანაირ ამინდსა და კატაკლიზმებში დგას და აშუქებს მოვლენებს, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების ფასადაც კი.
ამავდროულად, მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ყველა, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში, პირდაპირ ეთერში ვისაუბრო ჩემს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა უმრავლესობიდან კახი კახიშვილმა დღეს მის გამოსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებსა  და განცხადებებზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!