TaoNews.Ge

მიხეილ სარჯველაძე – კარლ ჰარცელს მელიასთვის უნდა ეთქვა: მელია, გაჩერდი და ასე ნუ იქცევი

კარლ ჰარცელი – ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება – ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია

ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება – ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად რჩება, რომელიც ზედმიწევნით მიყვება საკვანძო რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს.

ელჩის განცხადებით, ევროკავშირის წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს და მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი.

„ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა. ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში დასახმარებლად, ჩვენ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩავდეთ და, სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა. ის შემდგომი ნაბიჯების საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ.

ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. ის წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალური პროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით. გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე.

ამჟამად, ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად.

წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ვადები რომელიმე პოტენციური კანდიდატის, ან ამჟამინდელი კანდიდატი ქვეყნისთვის არ არსებობს. ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულია შემდგომი ნაბიჯები და ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს რეაგირება და რომელთა შესრულება სავსებით შესაძლებელია.

ევროპული გზა რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც ზედმიწევნით მიყვება საკვანძო რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს. წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს: მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი.

გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებს, კვლავაც მისი წევრი სახელმწიფოების ხელშია და მათი მისაღებად – პროცედურის მიხედვით – ერთსულოვნება აუცილებელია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!