TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი აუდიოჩანაწერებზე – ეს არის უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე და ფაბრიკაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერები „ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი პროვოკაციაა“.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „აღნიშნულ პროვოკაციას უნდა გაემიჯნოს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია“.

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ საიდან და ვისგან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია და ეს რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის. სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი. ეს დასაგმობია ჩვენი მხრიდან, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის მხრიდან. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი და კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, „ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!