TaoNews.Ge

თბილისში ფეხბურთის მწვრთნელი 7-8 წლის ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდა

ბოლო პერიოდში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი გახმაურდა, თუმცა ეს ამბავი იმდენად შოკისმომგვრელია, რომ „პრაიმტაიმი“ ყველა დეტალის გახმაურებისგან თავს იკავებს.

საქმეში არაერთი არასრულწლოვანი ფიგურირებს, პედოფილიაში მხილებული ფეხბურთის მწვრთნელი კი უკვე 8-წლიან სასჯელს იხდის.

საუბარია ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის მწვრთნელზე, რომელიც 7-დან 10 წლამდე ბავშვებთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და გარყვნილი ქმედების ბრალდებით გაასამათლეს.

ირკვევა, რომ როდესაც ამბავი გამოაშკარავდა, ეს ბავშვები იყვნენ უკვე 14-დან 16 წლამდე ასაკის, თუმცა მათ მიმართ სექსუალური ძალადობა მოხდა მაშინ, როცა ისინი იყვნენ 7-8 წლისანი.

სადღაც 10-11 წლის ასაკში ეს ქმედებები შეწყდა, მაგრამ ბავშვები დიდ ხანს მალავდნენ მომხდარს. ისე გაიზარდნენ, რომ არაცერთ მათგანს არ გაუმხელია ეს ამბავი. დანაშაული გაუხსნელ და დახურულ თემად დარჩებოდა, რომ არა ერთი გარემოება: ერთ-ერთი დაზარალებული ბავშვის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი მეორე, უმცროსი ბიჭიც მიეყვანათ იმავე ფეხბურთის მწვრთნელთან, რასაც უფროსი შვილის კატეგორიული წინააღმდეგობა მოჰყვა. ბავშვი მთელი ძალისხმევით აპროტესტებდა, რომ მისი ძმა არ მოხვედრილიყო იმ გუნდში, სადაც თავად დადიოდა. როდესაც მშობლები დაინტერესდნენ მიზეზით და იმის გარკვევით, რატომ არ სურდა, მის ძმასაც იმავე მწვრთნელთან ევლო ფეხბურთზე, მაშინ ბავშვი უკვე იძულებული გახდა, რომ ეთქვა, – როდესაც პატარა ვიყავი ასეთ რაღაცას მიკეთებდაო.

საქმის მასალებით გაირკვა, რომ ფეხბურთის მწვრთნელი მას აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს, უშუალოდ მასთან კი ჰქონდა ორალური სქესობრივი კავშირი.

გამოძიების ეტაპზე გაირკვა ისიც, რომ მწვრთნელი ამ ყველაფერს ტელეფონით იწერდა. სავარაუდოდ, ბავშვების დასაშანტაჟებლად.

როდესაც ეს ბავშვი იძულებული გახდა, ოჯახში გაემხილა მომხდარი, მისი ახლობელი მივიდა ამ მწვრთნელთან და ყელში დანა გამოუსვა. ეს პიროვნება გადარჩა, თუმცა დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

სასამართლო პროცესებზე 20-მდე არასრულწლოვანი მოწმე დაიკითხა, თუმცა მათმა უმეტესობამ არ მოინდომა დაზარალებულის სტატუსი.

ბრალდებულმა მოსამართლის წინაშე დანაშაული აღიარა, მაგრამ ამბობდა – მე მათზე იმხელა ამაგი მაქვს, ამ ყველაფერს არ ვიმსახურებო.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ეს ადამიანი დადიოდა სოფელ-სოფელ, აგროვებდა ბავშვებს, შემდეგ მშობლებთან მიდიოდა და სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს სთავაზობდა ბავშვების საფეხბურთო კარიერის უზრუნველყოფას, სრულიად უფასოდ. ეს იყო მარტოხელა ადამიანი, ზოგიერთ ბავშვს თავისთან აცხოვრებდა სახლში, ნაწილი კი გუნდის საერთო საცხოვრებელში ჰყავდა.

ბრალდებულს ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, აღმოჩნდა, რომ ის სავსებით გაცნობიერებულად მოქმედებდა და სრულიად შერაცხადი იყო. თუმცა ამბობდა, – მე ამ ბავშვებს ზედ გადავყევი და მადლობა ასე უნდა გადამიხადონო?!

ის ბავშვებს ეუბნებოდათ, რომ ეს არის რიტუალი და თუ გინდა, შენ გახდე კარგი ფეხბურთელი, ეს უნდა გააკეთო, მაგალითად, სასქესო ორგანოზე ხელი უნდა მომკიდო და კიდევ სხვა სახის ქმედებები. ზოგს აჩვენებდა თანაგუნდელებთან იგივე ქმედებებს და ეუბნებოდა: აი, ხომ იცი, ეს რა მაგარი ფეხბურთელია, თუ გინდა შენც მაგარი გამოხვიდე, ეს რიტუალი უნდა შეასრულოო. აი, ამ სახით ზემოქმედებდა ის 7-8 წლის ასაკის ბავშვებზე. სანამ პატარები იყვნენ, მართლაც სჯეროდათ, რომ ეს იყო გუნდში მიღების რაღაც რიტუალი და მათი წარმატებული საფეხბურთო კარიერის გასაღები.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!