TaoNews.Ge

ზელენსკის პირველი თანაშემწის მანქანა დაცხრილეს

კიევის ოლქის ლესნიკის დასახლებასთან ახლოს, უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად დაჭრილია მძღოლი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. პრეზიდენტის თანაშემწის ავტომობილს 10 ტყვია აქვს მოხვედრილი.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ დამნაშავეების ვინაობის დასადგენად და მათ დასაკავებლად.

ზელენსკი ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარზე „პასუხი ძლიერი იქნება.“

„სერგეი ცოცხალია, მძღოლი, სამწუხაროდ, დაჭრილი. ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ითვლება, რომ ეს იყო მკვლელობის მცდელობა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისთანავე დედაქალაქში ვბრუნდები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.

„რა ძალებია ესენი? ისინი შესაძლოა შიდა ან გარე იყოს. მაგრამ მე მათ ძალებად არ ვთვლი, იმიტომ, რომ სისუსტეა, გამომიგზავნო „სალამი“ ტყიდან ჩემი მეგობრის ავტომობილის დაცხრილვით, მაგრამ, პასუხი ძლიერი იქნება,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!