TaoNews.Ge

ვილი სანიოლი:  ჩვენი მიზანი არა ზლატანის, არამედ შვედეთის გაჩერებაა (ვიდეო)

ვილი სანიოლი: ჩვენი მიზანი არა ზლატანის, არამედ შვედეთის გაჩერებაა (ვიდეო)

შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

 

“პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის გამო გართულებული გადაადგილებიდან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით. საკვალიფიკაციო ეტაპს იმ ნაკრების წინააღმდეგ ვიწყებთ, რომელსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს და უკანასკნელ წლებში წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა ტურნირზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ ჩამოვედით იმ ამბიციით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი მატჩით დავიწყოთ.
ფრე არასდროს არის კარგი შედეგი, მე ყოველთვის მოგებას ვამჯობინებ. გერმანიაში თამაშისას ვისწავლე, რომ როდესაც მოედანზე გადიხარ, გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, მაგრამ იქ მარტო არ ხარ და მოწინააღმდეგეს უპირისპირდები. ხვალ რთული მეტოქე გვეყოლება, დიდი გამოცდილებით და მაღალი დონის მოთამაშეებით. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. მჯერა, ისინი თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ და ქართველები საკუთარი გუნდით იამაყებენ.
ყველამ იცის, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში დაბრუნდა. ასეთი მოთამაშე სახლში არ უნდა იჯდეს, ის მოედანზე უნდა იყოს. ის ყოველთვის ბევრ გოლს იტანდა. მის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა ჩვენი მიზანი არა ზლატანის, არამედ შვედეთის გაჩერებაა. მომწონს იბრა, წარმატებულ დაბრუნებას ვუსურვებ, მაგრამ ხვალ მას გაუჭირდება. გოლის გატანის შანსი ამ კვირის ბოლოს კიდევ ექნება”.

სავარაუდო შემადგენლობები

შვედეთი (4-4-2): ოლსენი – ლუსტიგი, ლინდელოფი, ჰელანდერი, ბენგსტონი – კულუშევსკი, ოლსონი, ეკდალი, ფორსბერი – ისაკი, იბრაჰიმოვიჩი.

საქართველო (4-2-3-1): ლორია – კაკაბაძე, კაშია, დვალი, ტაბიძე – აბურჯანია, კანკავა – ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია – ქვილითაია.

შვედეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დღეს 23.45 დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!