TaoNews.Ge

დღეს საქართველო- ჰოლანდიაა

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

ვილი სანიოლის გუნდმა 5 ივნისს, საფეხბურთო კლუბს ტვენტეს სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 24-მა ფეხბურთელმა მიიღო. ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა ირაკლი აზაროვმა.
ოფიციალური ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ, პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი: კონკრეტულს არაფერს ველოდები, უფრო იმაზე ვართ კონცენტრირებული თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ჩვენ. ბევრ მოთამაშეს საკმაოდ ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა, აქედან გამომდინარე მოსამზადებელი ეტაპის პირველი დღეები ცოტა რთული იყო, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. ორი დღის უკან რუმინეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და იმედი მაქვს ხვალ კარგ თამაშს ვაჩვენებთ. საზაფხულო შესვენებამდე უნდა შევეცადოთ, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.

​დაფაზე დაწერილი ტაქტიკა მოედანზე სხვანაირად მუშაობს, ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიის ნაწილია. ნიდერლანდებისა და შოტლანდიის მატჩს ვუყურე, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. გარკვეულმა სათამაშო ეპიზოდებმა და მოთამაშეებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგალითად, მემფის დეპაიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიის დამსახურებაა, ვიდრე სათამაშო სისტემის.

ნიდერლანდებთან სათამაშოდ გარკვეული იდეები გვაქვს და ამის შესახებ ფეხბურთელებმა იციან. ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. თამაშის შემდეგ ვნახავთ იმუშავებს თუ არა ჩვენი გეგმა.

გურამ კაშია: “ნიდერლანდებში დაბრუნება, რა თქმა უნდა, მახარებს, ამ ქვეყანაში რვა წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვიცი თუ როგორი საფეხბურთო კულტურა აქვთ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ხვალ ასეთ გუნდს დავუპირისპირდებით. ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია და რა თქმა უნდა, ძალიან მინდა მასში მონაწილეობის მიღება. გუნდში შესანიშნავი განწყობაა, ბოლო შეხვედრა მოვიგეთ და გვსურს ეს სერია ნიდერლანდებთანაც გავაგრძელოთ. ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ამ ქვეყანაში ბევრი სასიამოვნო დღე გავატარეთ, ასევე მომწონდა იქ თამაში. ახლა კი, საქართველოში დავბრუნდი და ფეხბურთის თამაშით კვლავ სიამოვნებას ვიღებ.”

საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების წევრებმა გიორგი აბურჯანიამ და საბა ლობჟანიძემ გააკეთეს:

გიორგი აბურჯანია: თითოეული ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული ყველა მატჩი საამაყოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს უპირისპირდები, რადგან ეს მატჩი ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს, რა პლიუსები გვაქვს და რა მიმართულებით გვჭირდება მომატება.

ტვენტეს სტადიონთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ეს გაგრძელდება.

საბა ლობჟანიძე: “ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ. ნიდერლანდები ევროპის ჩემოპიონატისთვის ემზადება, ჩვენთვის კი, კარგი ტესტი იქნება თუ როგორ შეგვიძლია ამ დონის მეტოქესთან დაპირისპირება.
ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშებზე სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის კეთდება და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.”

​ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ნიდერლანდებისა და საქართველოს ამხანაგურ შეხვედრას ბელგიელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი ერიკ ლამბრეხტსი იქნება, მას ასისტენტობას ჯო დე ვეირდტი და მატიას ჰილაერტი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ნეითან ფერბოომენია. მატჩზე ასევე იმუშავებს ვიდეო რეფერის სისტემა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:​

 

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია),  ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!