TaoNews.Ge

” გახარიამ რეიტინგი გუნდური თამაშის შედეგად მოიპოვა, ეს პიროვნული რეიტინგი არ არის” – კახა კახიშვილი

” გახარიამ რეიტინგი გუნდური თამაშის შედეგად მოიპოვა, ეს პიროვნული რეიტინგი არ არის” – კახა კახიშვილი

უმრავლესობის წევრი  კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ რეიტინგი გუნდური თამაშის შედეგად მოიპოვა, მას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მხარს უჭერდა და გვერდით ედგა მთლიანად „ქართული ოცნება“, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე პარტია.  ამ საკითხებზე დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

კახიშვილის თქმით, გახარიას რეიტინგი მხოლოდ პიროვნული არ არის და ამ ფონზე, ცოტა უხერხულია საუბარი იმაზე, თითქოს, გიორგი გახარია რომ არ ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ ვერ მოიგებდა.

დეპუტატის თქმით, გიორგი გახარიას ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობები ეკავა და შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდშიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ხმა ჰქონდა. ნიკა მელიას დაკავების თემა კი, გიორგი გახარიას მიერ „ქართული ოცნებიდან“ წასვლის საბოლოო საბაბი იყო და არა – ძირითადი მიზეზი.

ამასთან, კახიშვილი ამბობს, რომ პატივს სცემს გახარიასაც და მისი გუნდის წევრებსაც, თუმცა არ მიაჩნია სწორად, როდესაც ხელისუფლებიდან ერთი თვის წასული ადამიანი საუბრობს, რომ თურმე, ქვეყანა წლებია, არასწორად ვითარდება.

„მის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ ისინი, რომლებიც ამას ამბობენ და შეეძლოთ, მიეცათ რჩევა და წაეყვანათ ქვეყანა სწორი მიმართულებით. უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა, ისიც კი განაცხადეს, რომ შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვონ. არჩევნებზე სიის პირველი ნომერი და ქვეყნის პირველი პირი სწორედ გიორგი გახარია იყო, ისინიც მასთან მუშაობდნენ. გაუგებარია მათი ლოგიკა, გაყალბდა, თუ რატომ უნდა დაინიშნოს არჩევნები ხელახლა? ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ გაყალბება არ ყოფილა, მათაც და თავიანთმა ხელმძღვანელმაც, გიორგი გახარიამაც თავის დროზე იგივე განაცხადეს, დღეს რა შეიცვალა? ზოგადად, თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გინდა, გრძელვადიან პერსპექტივაში გყავდეს მხარდამჭერები. განცხადებები, რომელიც უპირისპირდება შენივე ნათქვამს, ძალიან დამაზიანებელია. თუ რამის თქმა უნდოდათ და შეცდომას ხედავდნენ, შეეძლოთ გუნდში ეთქვათ და გამოსწორება მოეთხოვათ“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!