TaoNews.Ge

ბუნებრივი აირის ფასებმა ახალი რეკორდი დაამყარა

ბუნებრივი აირის მსოფლიო ფასებმა ახალი რეკორდი დაამყარა და 2018 წლის შემოდგომის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. აღნიშულის შესახებ “კომერსანტი” იუწყება. საგულისხმოა ისიც, რომ ანალიტიკოსები ტენდენციის შენარჩუნებას წლის ბოლომდე ელიან.

აპრილის დასაწყისისთვის, ევროპულ ბაზარზე ათასი კუბური მეტრი გაზის საშუალო ფასი 250 დოლარს აჭარბებს. ჰოლანდიური TTF ვაჭრობს ფიუჩერსებით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდების თარიღით, რომლის ღირებულებაც 21 ევროა ერთ მეგავატ საათში.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი მიწისქვეშა სათავსების აქტიური შევსებაა. ეს უკანასკნელი ამცირებს მიწოდებას მიმდინარე ბაზარზე. ამჟამად, ევროპაში ძირითადი საცავები 31%–ით არის შევსებული, თებერვლის ბოლოს კი 29%–ით იყო.

ამავდროულად, აქტიურად ხდება საცავებიდან ძველი მარაგების ამოღებაც. დეკემბრიდან თებერვლამდე 69 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა საცავებიდან ამოღებული, რაც 24 მილიარდით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. აღნიშნული ვითარება გამოწვეულია მოსალოდნელზე უფრო ცივი ზამთრითა და გაზაფხულით.

გარდა ამისა, “კომერსანტმა” აღნიშნა, რომ უამრავი ინდუსტრიული საწარმოს ნახშირიდან გაზზე გადასვლამ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ხსენებული საწარმოები იძულებული გახდნენ ასე მოქცეულიყვნენ, რადგან სპეციალურ ბირჟებზე ემისიის კვოტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, აპრილში ერთ ტონა ნახშირორჟანგის ემისიაზე კვოტა 43 ევროდ იყიდება.

წყარო : energynews.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!