TaoNews.Ge

“ახლა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდი იყოს, მართლა ჩავუთვლიდი ვინც ციხეში წავიდოდა ვაჟკაცობად, მაგრამ მაპატიეთ და დღეს „იმას არ უშვრებიან ადამიანებს, რასაც უშვრებოდნენ მაშინ“- არც ნამუსს ხდიან და არც კლავენ”

„ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება, თუ გვინდა ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ,“ — მეუფე იაკობი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ  კანონზე

„ჯერ არ იყო კანონი მიღებული და ვაი-ვიში შექმნეს. ანუ, თავი გაიშიფრეს, რომ ესე იგი, ისეთ რამეს არ აკეთებენ“, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას, ე.წ. აგენტების კანონპროექტზე საუბრის დროს განაცხადა. სასულიერო პირის თქმით, ხელისუფლების შეცდომა იმაში იყო, რომ კანონპროექტის ნაჩქარევად მიღება გადაწყვიტა და ის თავდაპირველად ხალხს არ გააცნო.

„ეს რაც მოხდა, დიდი შეცდომა იყო, ხალხის გარეშე ასე სწრაფად რომ გამოგაქვს რაღაცა საკითხი. უცხოეთში იგივე კანადასაც გააქვს, ევროკავშირსაც გააქვს და როგორ გააქვს – დაიწყეს მოსამზადებელი სამუშაოები. ჩვენთან რა მოხდა? ჯერ ქართველს ძალიან ცუდად ხვდება ყურში სიტყვა „აგენტი“. წინა საუკუნის 30-იანი წლები გვახსოვს, საბჭოთა კავშირი გვახსოვს, რუსეთის აგენტურა რაც იყო, კარგად ვიცით. როდესაც ასეთი კანონის მიღებას აპირებ, უნდა აუხსნა ადამიანს, თუ რატომ არის საჭირო“, – ამბობს მეუფე იაკობი.

სასულიერო პირის თქმით, ამ კანონის წინააღმდეგ ის პოლიტიკოსები გამოვიდნენ, რომლებსაც ხელისუფლებაში უნდათ მოსვლა და ის არასამთავრობოები, რომლებიც უცხოეთიდან დიდ დაფინანსებას იღებენ. მისივე თქმით, ამ კანონის მიღება ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს.

„როდესაც თქვეს, ვნახეთ, რომ სხვადასხვა ძალებმა დაიწყეს, ამას იმიტომ იღებთ, რომ ჩვენი პარტნიორები მტრებად მიგაჩნიათო. ეს ძირითადად დაიწყო იმ პარტიებმა, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და რამდენიმე არასამთავრობომ, რომლებიც უდიდეს ფულს იღებენ უცხოეთიდან. მოვუსმინე ჩვენს პოლიტიკოსებს და რას ამბობენ – უცხოეთში რომ იღებენო [კანონპროექტს], ისინი თავიანთი ქვეყნის მტრების წინააღმდეგ იღებენო, ჩვენთან რომ იღებენო, ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ იღებენო. ჯერ არ იყო კანონი მიღებული და ვაი-ვიში შექმნეს. ანუ, თავი გაიშიფრეს, რომ ესე იგი, ისეთ რამეს არ აკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ისე უნდა გაეკეთებინა, რომ ამ კანონს ვაპირებთო და ხალხის აზრი გაეგოთ. მხოლოდ სია შეედგინათ იმათი, აგენტსაც ნუ დაარქმევდნენ, სია, თუ ვინ ფინანსდება. მერე რომ შევხედავთ, ვიღაცა თუ ცუდად იქცევა და სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებს იმ ფულს, თვითონ უცხოეთიც დაფიქრდება, რომ იმას აღარ მისცეს. თვითონ ამერიკელებმა მითხრეს ამ ამბების მერე, პირად საუბრებში, რომ ზოგიერთი არასამთავრობოს ხემძღვანელებს ვუთხარით, ან არასამთავრობოში დარჩით, ან წადით პოლიტიკაში, მასე რომ იქცევითო და არ მიდიან. თორემ, ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება, თუ გვინდა ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!