საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, კლემან ბონი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, უკრაინა საბოლოოდ გახდება ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ ამას დრო დასჭირდება.
„ნამდვილად ვიცით, რომ ამას დრო სჭირდება და საკუთარ თავს უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ამ პერიოდში უბრალოდ დაველოდოთ. ჩვენ უნდა ვასაზრდოოთ ევროპული იმედი“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პროექტი არ იქნება ევროკავშირის წევრობის ალტერნატივა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიმდინარე თვის დასაწყისში გააჟღერა ინიციატივა, რომ შეიქმნას „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა“, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას შექმნის.