TaoNews.Ge

“2 თვის წინ თავი ღმერთად შევიცანი, ზაფხულში კი ჩემში მონსტრმა გაიღვიძა” – 19 წლის ბიჭი, რომელმაც ყაზანის სკოლაში ბავშვები დახოცა

გუშინ, რუსეთის ფედერაციაში შემავალ თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში სკოლას თავს დაესხნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 19 წლის ილნაზ გალიავიევი აღმოჩნდა, რომელმაც აღნიშნული გიმნაზიის 9 კლასი 4 წლის წინ დაამთავრა, შემდეგ კი კოლეჯში IT- სპეციალისტის პროფესიას ეუფლებოდა.

ილნაზ გალიავიევმა თავდასხმიდან წინა დღეს ტელეგრამის არხი გახსნა, სადაც საკუთარ თავს ღმერთს უწოდებდა. დღეს დილით კი თავდასხმამდე ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოკლავდა “უზარმაზარი რაოდენობის ბიონაგავს”, შემდეგ კი თავს მოიკლავდა, თუმცა თავდასხმის შემდეგ ის ცოცხლად ჩაბარდა.

ილნაზ გალიავიევი პირველ დაკითხვაზე არაადეკვატურად იქცეოდა და იგინებოდა:

“2 თვის წინ თავი ღმერთად შევიცანი, ზაფხულში კი ჩემში მონსტრმა გაიღვიძა. მე ყოველთვის ყველა მძულდა და კიდევ უფრო შემძულდა. ეს ჩემთვის არავის უთქვამს, ჩემით მივხვდი,” – ყვიროდა დაკითხვისას ილნაზ გალიავიევი. იყო ეს ფსიქიკური აშლილობის სიმულაცია, თუ ნამდვილი პრობლემა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. აღსანიშნავია, რომ იარაღი, რომელიც ილნაზ გალიავიევმა თავდასხმისას გამოიყენა მასზე იყო რეგისტრირებული.

თავდასხმის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი – 9 ბავშვი და 2 მასწავლებელი. 20-მდე ადამიანმა, მათ შორის ბავშვებმა და სკოლის თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ილნაზ გალიავიევის თავდასხმის მთავარი ადგილი მე-8 კლასელთა ოთახი იყო. სწორედ ამ კლასიდანაა ყველაზე მეტი დაღუპული ბავშვიც.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გალიავიევი თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა, რომელიც სპეცოპერაციისას მოკლეს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია თათრეთის რესპუბლიკის შსს-მ უარყო. უწყების ინფორმაციით, ის დამოუკიდებლად მოქმედებდა.

ილნაზ გალიავიევი სკოლასთან დააკავეს, დაკავებისას მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მის სახლში ბომბი იყო დამონტაჟებული, თუმცა ეს შემოწმების შემდეგ სიცრუე აღმოჩნდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, გალიავიევი მორწმუნე არ იყო, ამიტომ ისინი რელიგიურ მოტივს გამორიცხავენ.

12 მაისი გლოვის დღედ არის გამოცხადებული. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მასობრივი მკვლელობის მუხლით აღძრა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ყაზანის გიმნაზიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტი სამოქალაქო იარაღის მიმოქცევის წესების სასწრაფო გამკაცრებას ითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!