TaoNews.Ge

1991 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ მინდიაშვილი მოკლეს

1991 წლის 18 მარტს სოფ. ერედვის გზაზე სეპარატისტებმა ცოცხლად დაწვეს საქართველოს ეროვნული გმირი, მერაბ მინდიაშვილი..
სამარადისო ხსოვნა სამშობლოსთვის თავდადებულთ.
“მერაბი უწინდელზე მშვიდად გამოიყურებოდა ახლა..
მისი სიმშვიდის დანახვაზე კიდევ უფრო გაბოროტდა გარსმოჯარული მტერი. ვიღაცამ დაიძახა : ” შეშა მოვიტანოთ და ცეცხლზე დავწვათ”…
უმალ აიტაცეს ეს იდეა…
ყველა მხრიდან მოჰქონდათ ხმელი შეშა და მერაბის გარშემო ახვავებდნენ..
ისე გავეშებით აკეთებდნენ ამ ყველაფერს და ისეთ ხმებს გამოსცემდნენ ,თითქოს თავად ეშმაკი ჩასახლებულიყო ბრბოში..
ხმელი ტოტების დიდი ხვავი დადგეს მერაბის გარშემო, ზედ ბენზინი მოასხეს და ცეცხლი წაუკიდეს…
ცეცხლის დანახვაზე ბრბო დაშოშმინდა, მოლოდინმა იცის ეს….
ელოდნენ მერაბის ყვირილს,ხვეწნა-მუდარას თუ გმობას, მაგრამ მერაბი სდუმდა, თავი ჩაეხარა,რაღაცას ბუტბუტებდა..
მახვილ სმენას გაუჭირდებოდა მისი სიტყვების გარჩევა..
მერაბი ლოცულობდა….
ცეცხლი კი ძლიერდებოდა და ჩვენს გმირს უკვე დაეტყო სახეზე გაუსაძლისი ტკივილი..
სახის ნაკვთები უთრთოდა, თუმცა ლოცვა კი არ შეუწყვეტია..
მერე მოულოდნელად შეჩერდა,ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს უნდა გრილი ჰაერით აივსოსო ფილტვები,შემდეგ კი …
შემდეგ ამ ამბის ერთ-ერთი მხილველი გაოცებული ჰყვებოდა :
-“ჩვენმა ტყვემ თავი მაღლა ასწია და სადღაც ჰორიზონტს მიაჩერდა,ისეთი დაჟინებული მზერა ჰქონდა,რომ ყველამ იქით გავიხედეთ, მაგრამ არაფერი დაგვინახავს..ის კი ხედავდა.. რასაც გინდათ დავიფიცებ,ნამდვილად ხედავდა ის ბიჭი….
უეცრად სახე დაეძაბა, ჯერ მეგონა ყვირილს აპირებდა და ძალა კი აღარ ჰქონდა საამისო….
მაგრამ არა, ჯანდაბა…ცხოვრებაში მსგავსი რამ არც მსმენია ვინმეს ჩაედინოს.
ბიჭმა სიმღერა დაიწყო, თანდათან უფრო აღიმაღლა ხმა…
ეს იყო რაღაც უჩვეულო და დიადი…
ასეთი ხმა ცხოვრებაში არ მსმენია…სიტყვები თითქმის არ მესმოდა,იმიტომ რომ ქართული არ ვიცი კარგად,მხოლოდ ერთი ფრაზა დამამახსოვრდა : ” სამშობლო ,როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა” ..
მერე ვათარგმნინე ეს სიმღერა ბოლომდე..მაინტერესებდა თუ რას შეიძლება მღეროდეს კაცი,რომელიც ცეცხლზე იწვის..
მერაბი კი თითქოს ფერისცვალებას განიცდიდა..მისი სახიდან წაშლილიყო კვალი ყოველგვარი ტკივილის,თითქოს იღიმოდა კიდეც…ცეცხლი მალე ისე გაძლიერდა,რომ კაცი აღარც სჩანდა,მხოლოდ ცად ატყორცნილი ცეცხლის ენები იკლაკნებოდნენ და ამ ცეცხლიდან არაამქვეყნიური სიმღერა ისმოდა, არ ვიცი იქნებ ასეთ ხმაზე უგალობენ ზეცაში ღმერთს ანგელოზები…
მე გაშეშებული ვიდექი..
მოქმედების უნარი წამრთმეოდა…
უმრავლესობა ჩემს დღეში იყო..
თუმცა იყვნენ ისეთებიც , კბილებს რომ აღრჭიალებდნენ სიბრაზისგან..
ცეცხლს გარშემო ურბენდნენ, უნდოდათ მეტი ტკივილის მიყენება ცეცხლში მდგომისთვის თუმცა ხვდებოდნენ, რომ უარესს ვეღარაფერს დამართებდნენ ტყვეს..
ეს აგიჟებდათ უფრო..
დახტოდნენ კოცონის გარშემო ,თითებს იჭამდნენ სიმწრისგან..
და მე მომეჩვენა რომ ესენი უფრო იტანჯებოდნენ ,ვიდრე ის ქართველი……
სიმღერის ხმა კი თანდათან შეწყდა,მხოლოდ ცეცხლის ბრიალისა დ ტკაცუნის ხმებიღა ისმოდა…სიმღერის შეწყვეტისთანავე კოცონის გარშემო მხტომნიც დაშოშმინდნენ..
ისე მისჩერებოდნენ ცეცხლს,თითქოს ელოდნენ რომ სიმღერა ისევ აგუგუნდებოდა, ან კიდევ უარესი..თავად მერაბი გამოვიდოდა ცეცხლიდან საღ-სალამათი..
სიმართლე უნდა ვთქვა ,მეც რაღაც ამგვარს ველოდი..
ზარდაცემულნი მივჩერებოდით კოცონს….მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა..
კაცი დაიწვა,თუმცა ჩვენ ვერ შევძელით მოგვეკლა იგი…..უმწეო ტყვემ დაგვამარცხა ამქვეყნიდან თავისი საოცარი წასვლით..ეს დღე სამუდამოდ დარჩება ჩემს გონებაში,თუნდაც მეორედ მოსვლამდე ვიცოცხლო”..
***
არსებობს გადმოცემა, რომ იმ დღეს როცა მერაბი კოცონზე დაწვეს, მხოლოდ იმ ადგილზე ცრემლივით სდიოდა წვეთი ციდან..
თუმცა კი ღრუბლის ნასახიც არ ყოფილაო ცაზე”.
“მოგონებები მინდიაშვილზე” .2017.წ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!