TaoNews.Ge

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა. 1993 წლის 15 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.
14 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ.
15 მარტი ქართული არტილერიის დღედ, სწორედ, ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვებების გამო გამოცხადდა.
1993 წლის 15 მარტს აფხაზმა სეპარატისტებმა, რომელთაც მხარს ახალშექმნილი სომხური ბატალიონი «ბაგრამიანი», ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულები და გუდაუთის ბაზის რუსი სამხედროები უჭერდნენ, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს მდ. გუმისთის გასწვრივ, 8 კმ-იანი ფრონტის ხაზზე. ძირითადი დარტყმები ხორციელდებოდა აჭანდარის დასახლების მიმართულებით. ამასთან, მტერს სურდა აეღო გუმისთის სარკინიგზო და საავტომობილო ხიდები, რათა დამხმარე ძალები (მათ შორის მძიმე საბრძოლო ტექნიკა) მიეშველებინა შეტევაზე გადასულებისთვის.
ეს იყო სოხუმზე დაწყებული ყველაზე დიდი მასშტაბის იერიში, რომელიც სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ასევე ყველაზე დიდ დამარცხებად იქცა.
მტრის მეწინავე მოიერიშე რაზმებმა მოახერხეს მდ. გუმისთის მარცხენა სანაპიროზე გადმოსვლა. ქართველი მეომრების სანგრებში ხელჩართული, დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობდა. მოწინააღმდეგის მცირე ნაწილმა შეძლო სოხუმის გარეუბანში შეღწევა, მაგრამ, საბედნიეროდ, ქართველ მეომრებს მოუსწრეს გვარდიელებისა და შინაგანი ჯარების დანაყოფებმა და უპირატესობა მთლიანად ჩვენს მხარეს გადმოვიდა.
გუმისთაზე გადმოსულ მტერს დამხმარე ძალა გვერდში რომ ამოსდგომოდა, ცხადია, სახარბიელო სიტუაცია არ იქნებოდა, მაგრამ ქართულმა არტილერიამ იმარჯვა. მტერს გამანადგურებელი ცეცხლი ჯერ კიდევ გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე და ეშერასთან გაუხსნა. ქართველი არტილერისტები შრაპნელით გავსებულ ჭურვებსაც უშენდნენ შეტევაზე გადმოსულ მტერს, რასაც მოწინააღმდეგის დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სწორედ ამიტომაც არის 15 მარტი ქართული არტილერიის დღე.
მტერს დაეღუპა და დაეჭრა ათას კაცზე მეტი. ეს იყო მოწინააღმდეგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიასკო აფხაზეთის ერთწლიან ომში, რის გამოც სეპარატისტებს 16 მარტი გლოვის დღედ აქვთ გამოცხადებული.
სამწუხაროდ, იმ სისხლისმღვრელ ბრძოლებში მარტო 23-ე ბრიგადამ (რომელიც ადგილობრივი ქართველი მოსახლეობით იყო დაკომპლექტებული) 137 სამხედრო დაკარგა, 350-მდე კაცი დაიჭრა. ბევრად უფრო მცირე დანაკარგი ჰქონდათ თავდაცვის სამინისტროს, გვარდიის მთავარი სამმართველოსა და შინაგან ჯარებს.
ბრძოლის დამთავრებისთანავე ქართველი სამხედროები დაჟინებით ურჩევდნენ მაშინდელ სახელმწიფო მეთაურს, შევარდნაძეს, აუცილებელია კონტრიერიშზე სასწრაფოდ გადასვლაო, მაგრამ უარი მიიღეს.
როგორც შემდგომ გაირკვა, 15-16 მარტის მარცხმა სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერების რიგებში პანიკა დათესა და ერთ სერიოზულ კონტრიერიშს შეეძლო ტაქტიკური დონის გამარჯვება მოეტანა.
თუმცა ილუზია არ უნდა მოგვერიოს: მაშინაც საქართველოს რუსეთი ეომებოდა, მართალია, აფხაზი სეპარატისტების ზურგს უკან, მაგრამ მოსკოვი არ მოგვცემდა აფხაზეთის ომში გამარჯვების საშუალებას…
თუმცა მოსაგონებლად ხომ მაინც დაგვრჩა – 15-16 მარტს ჩვენ მათ ბრძოლა მოვუგეთ! ე.ი. მიუხედავად ყველაფრისა, შეგვძლებია გამარჯვება!

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!