TaoNews.Ge

ჯო ბაიდენი გუანტანამოს ციხის დახურვას თანამდებობის დატოვებამდე გეგმავს

ჯო ბაიდენი გუანტანამოს ციხის დახურვას თანამდებობის დატოვებამდე გეგმავს

სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გუანტანამოს ციხის დახურვას თანამდებობის დატოვებამდე გეგმავს და მისმა თანაშემწეებმა საკითხის ოფიციალური განხილვა უკვე დაიწყეს.

სააგენტოს ინფორმაციით, დისკუსიებში ჩართული თანაშემწეები ბაიდენის მიერ შესაბამისი აღმასრულებელი განკარგულების უახლოეს კვირებსა თუ თვეებში ხელმოწერას განიხილავენ. საკითხზე კომენტარი თეთრმა სახლმაც გააკეთა.

„ეს ნამდვილად არის ჩვენი მიზანი და ჩვენი განზრახვა“, – განაცხადა პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, დახურავს თუ არა ჯო ბაიდენი ციხეს.

გუანტანამოს ციხე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს გაიხსნა იმ პირებისთვის, რომლებიც ტერორისტულ აქტებში მონაწილეობენ, ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი. ამჟამად იქ 40 პატიმარი იმყოფება. ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ციხის დახურვის პირობა დადო, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ამის მიზეზი, დიდწილად, კონგრესში „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგობა გახდა.
ციხეში დაკითხვის მკაცრი მეთოდები მოქმედებს და კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს მეთოდები წამების ტოლია. Reuters-ი წერს, რომ უფლებადამცველების ნაწილი გუანტანამოს ციხეს ამერიკის გლობალური იმიჯის ლაქას უწოდებენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!