TaoNews.Ge

“ხან ბუნკერებში ვართ, ხან დამცავ ოთახებში” – ისრაელში მცხოვრები ქართველები

ისრაელში არსებულ სიტუაციაზე “მთავარ არხთან” იქ მცხოვრები ქართველები საუბრობენ.

ქალაქ ლოდში მცხოვრები ქართველის, ელგა ბუჩუკურის ინფორმაციით, გუშინ დაძაბული ვითარება იყო ქალაქ ლოდშიც, სადაც ერთმანეთს არაბი მოსახლეობა და ადგილობრივი პოლიცია დაუპირისპირდა. მისივე თქმით, ახლა ქალაქში სიტუაციას ჯარი აკონტროლებს, საქართველოს საელჩო კი მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

“მე ვიმყოფები ქალაქ ლოდში. ჩვენთან შედარებით რთული სიტუაცია იყო გუშინდელი დღის განმავლობაში და წუხელ. თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ პალესტინიდან ინტენსიურად იბომბებოდა მთელი ქვეყანა, თვითონ ლოდშიც საკმაოდ დიდი არეულობა იყო.

შეტაკება იყო არაბ მოსახლეობასა და ადგილობრივ პოლიციას შორის. სიტუაცია უკონტროლო გახდა. დაიწვა მანქანები გადაწვეს ქუჩები. ძლიან უკონტროლო იყო სიტუაცია.

შემდგომ გამოიძახეს ჯარი, ახლა ქალაქში სიტუაციას ჯარი აკონტროლებს. ამბობენ, რომ ქალაქში არ გავიდეთ, საელჩო მოგვიწოდებს, რომ დავრჩეთ სახლში, ვიყოთ დაზღვეულები.

ჩვენ მოხუცებთან ვმუშაობთ და ისედაც არ გავდივართ ქალაქში, მაგრამ მაინც გვაფრთხილებს საელჩო. ხან ბუნკერებში ვართ ხან დამცავ ოთახებში ვართ”,- თქვა ელგა ბუჩუკურმა.

დაძაბული ვითარება იყო ისრაელის ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც თელ ავივთან ახლოს მდებარეობს. იქ მყოფი ქართველი “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობს, რომ ქალაქში შეტაკებები 10 საათიდან დაიწყო და გვიან ღამით კვლავ განახლდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის სიტუაცია ჩაწყანრებულია.

“მე ვარ ქალაქ პართიანში, ეს თელ ავივთან ახლო მდებარე ქალაქია. წუხელ ღამის 10 საათზე განგაშის სიგნალი ჩაირთო, განგაშის სიგნალიდან უკვე 30 წამში გასაუნებელყოფელი რკინის გუმბათის გაშვება ხდება და ჰაერში ამ ბომბებს იჭერს. სადღაც 150 ჭურვამდე იყო გამოშვებული.

12 საათზე ყველაფერი ჩაწყნარდა, სადღაც 3-ის ნახევრიდან ისევ განახლდა. მთელი ღამე არ გვიძინია. თუკი რამე ტერიტორია არსებობს ისრაელში ყველგან უშვებდნენ ამ რაკეტებს, ამ დილით ჩაწყნარებულია სიტუაცია”,- თქვა ნინო მათურელმა.

ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება. ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის დედაქალაქი თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვა, არის მსხვერპლიც. პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის” ობიექტებზე იერიში მიიტანა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!