TaoNews.Ge

“ძალიან მძიმე ცოდვაა ორივესთვის, მაგრამ ის უფრო დიდი ცოდვა იქნებოდა, ბავშვი რომ მოეკლათ ან ეს გოგო მიეტოვებინა” – არქიმანდრიტი ილია შვილზე, რომელმაც მონაზონზე იქორწინა

“ძალიან მძიმე ცოდვაა ორივესთვის, მაგრამ ის უფრო დიდი ცოდვა იქნებოდა, ბავშვი რომ მოეკლათ ან ეს გოგო მიეტოვებინა” – არქიმანდრიტი ილია შვილზე, რომელმაც მონაზონზე იქორწინა

ყველასათვის ცნობილია, რომ ყოფილი პარლამენტის წევრი და ვიცეპრემიერი სანდრო კავსაძე დღეს სვეტიცხოველში არქიმანდრიტია. მისი განსხვავებული და  სიახლეებით სავსე ცხოვრება წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის ინტერესის ობიექტი გამხდარა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ არქიმანდრიტ ილიას ვაჟი ჰყავს, რომელმაც არანაკლებ უცნაური და საინტერესო გზა გაიარა.

მამამ თუ პოლიტიკოსობას ბერობა ამჯობინა, შვილმა ბერობას ოჯახი არჩია და მონაზონზე დაქორწინდა, რის გამოც ორივე მათგანი დაისაჯა და მსახურება შეუჩერეს. დიდი ხნის განმავლობაში ზიარებაც აკრძალული ჰქონდათ.

ერთი წლის წინ მამა ილია “სარკესთან” ყვებოდა, რომ მისმა შვილმა ახალგაზრდობაში, 22 წლის ასაკში ისურვა ბერობა, რისი წინააღმდეგიც გარკვეული პერიოდი თავადაც იყო და მოხდა ის, რისიც ეშინოდა, ახალგაზრდა ცხოვრებისგან გამოუცდელმა ბიჭმა ბერობის „ტვირთს” ვერ გაუძლო, კაბა გაიხადა და ოჯახი შექმნა.

„მითხრა, ბერად უნდა აღვიკვეცოო. ვუთხარი, რა დროს შენი ბერობაა-მეთქი. ჯერ სამართალმცოდნეობა დაამთავრა და სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა. მერე სასულიერო სემინარია და აკადემია დაამთავრა. მაშინ 22 წლის იყო. ბერად შედგომისთვის ჩემგან უნდა მიეღო თანხმობა. მითხრა, დედაჩემი წინააღმდეგიაო. ოჯახი რომ გვქონდა დანგრეული, ვფიქრობდი, დედას შეიძლება ეფიქრა, ფეხებზე ჰკიდია შვილი და ამიტომ მისცა უფლებაო.

2 კვირის მერე კიდევ მოვიდა და მითხრა, უწმინდესი წინააღმდეგია, ბერად აღვიკვეცო, შენი კურთხევა თუ არ იქნებაო. გულიკომაც მითხრა, ამ სიტუაციის მეშინიაო. შვილს ვუთხარი, უფლებას მოგცემ, რადგან ამ კურთხევით ყოველდღიური გადაცდომებისგან დაგიფარავ-მეთქი. ვგულისხმობდი ქალებთან ურთიერთობას, ვიღაცებთან არასწორ დამოკიდებულებას…

თავისუფლად რომ ცხოვრობ, თავისუფალ გადაწყვეტილებებსაც იღებ და ბერად რომ წახვალ, იქ ჩარჩოებში ხარ და სწორი გზით მიდიხარ, მაგრამ მასთან მივიდა ის, რაც ჩემთან იყო. ეს სიყვარული აღარაფერს უყურებს და ანგრევს ყველაფერს. უფალიც არ მიდის ამის წინააღმდეგ, რადგან ღვთის სავალ გზაზე ეს არის პირველი ნაბიჯი – ნახე შენი ნაწილი და მასთან ერთად იარეო, ესე იგი სიყვარული ნახე დედამიწაზე და მასთან ერთად იარეო. სიყვარულთან ერთად უნდა იარო და მერე მიხვალ უფალთან.

მაშინ ვუთხარი, ამ კურთხევით აქაურ განსაცდელებს აგაცილებ, მაგრამ ის თუ შეგხვდა, ოჯახსაც შექმნი-მეთქი. გაეცინა… ნიჭიერი კაცია და დაწინაურდა – არქიმანდრიტი გახდა. აშშ-ში, ლოს ანჯელესში გააგზავნეს და იქ გააკეთა ქართული ეკლესია. ერთ დღეს კი სარძლომ მითხრა, ასეთი რამ დაგვემართაო.”, – განაცხადა არქიმანდრიტმა ილიამ.

მამა ილიას თქმით, მომხდარის შესახებ სარძლოსაგან გაიგო, რომელიც პროფესიით ექიმია. მათ დღეს სამი შვილი ჰყავთ, ორი გოგო და ერთი ბიჭი.

„საქართველოში არ იყო. სარძლო მოვიდა ჩემთან. ისიც მონაზონი იყო. საოცრად კარგი გოგოა, ძალიან საყვარელი. ექიმია პროფესიით. ფერისცვალების ტაძარში სამედიცინო ნაწილში მუშაობდა, დედა ნინო იყო.

ძალიან მძიმე ცოდვაა ორივესთვის, მაგრამ ის უფრო დიდი ცოდვა იქნებოდა, ბავშვი რომ მოეკლათ ან ეს გოგო მიეტოვებინა. ახლა სამი შვილი ჰყავთ – ორი გოგო და ერთი ბიჭი.”, – ამბობს მამა ილია.

მამა ილიას თქმით, ასეთი შემთხვევები სხვა დროსაც მომხდარა ეკლესიაში, თუმცა არ გახმაურებულა. არქიმანდრიტი მიიჩნევს, რომ 22 წლის ახალგაზრდისათვის ბერობა რთულია.

„გამიგონია ასეთი ამბები, მაგრამ მალავენ. ასე ღიად არავის ამბავი ვრცელდება. ახლა ეკლესიურად ცხოვრობენ, მაგრამ მსახურება შეჩერებული აქვთ. არც ეზიარებოდნენ. ახლახან მისცეს ზიარების უფლება. ასე რომ, ისევე ნახა თავისი ნაწილი, როგორც მე და ეს ამბავი მახარებს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მათი დაცემის გამო დიდ ტკივილს განვიცდი, მაინც სიამაყის გრძნობა მაქვს.

ამ ასაკში შესაძლებელია დაცემა. როდესაც ახალგაზრდებს აღკვეცავენ ბერად, ახლაც წინააღმდეგი ვარ, რადგან ბიოლოგიურად, ფიზიოლოგიურად ამ დროს მზად არ ხარ. ან დაბადებული უნდა იყო ამისთვის და არ უნდა გქონდეს ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური ლტოლვა, ან ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა.”, – ამბობს მამა ილია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!