TaoNews.Ge

სი ძინ პინი: ძვირფასო პრეზიდენტო პუტინ! მე ყოველთვის გიწოდებ ჩემს ძვირფას მეგობარს!

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ რუსეთის განცხადებას გამოეხმაურა. 25 მარტს მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ რუსეთის განცხადებას გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე, მაო ნინგზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აუცილებელია, რომ სტრატეგიული რისკების შემცირდეს, ხოლო ბირთვულ ომს გამარჯვებული ვერ ეყოლება.

“ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფოს ლიდერებმა გასული წლის იანვარში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ შეუძლებელია ბირთვული ომის მოგება ან მისი წარმოება.

განცხადებაში ხაზგასმულია ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომების თავიდან აცილებისა და სტრატეგიული რისკების შემცირებისა საჭიროება”. – აღნიშნავს მაო ნინგი.

25 მარტს მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა россия 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს ბირთვულ იარაღს არ გადასცემენ, არამედ მის ტერიტორიაზე განათავსებენ.

“ჩვენ არ გადავცემთ, აშშ-ც არ აძლევს [ბირთვულ იარაღს] საკუთარ მოკავშირეებს. ჩვენ, პრინციპში, ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, რასაც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ. მათ [ბირთვული იარაღი] აქვთ გარკვეულ მოკავშირე ქვეყნებში და მათ გადამტანებს ამზადებენ, ამზადებენ მათ ეკიპაჟებს. ჩვენც ამავეს გაკეთებას ვაპირებთ. სწორედ ეს მთხოვა ალექსანდრ გრიგორევიჩმა (ლუკაშენკომ)”. – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის შენახვისთვის საჭირო საცავის მშენებლობა ბელარუსში ივლისში დასრულდება.

“3 აპრილიდან ეკიპაჟების გადამზადებას ვიწყებთ. 1-ელ ივლისს კი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საცავის შენებას დავასრულებთ”. – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, ბელარუსს რუსეთი უკვე დაეხმარა თვითმფრინავების გადაიარაღებაში და, ამას გარდა, ისკანდერის სარაკეტო სისტემებიც გადასცა.

პუტინის თქმით, ამ ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ. მან ასევე დაამატა, რომ ბელარუსი დიდი ხანი ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.

23 მარტს ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდა, რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებდა.

20 მარტს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, ანაბელ გოლდიმ თქვა, რომ უკრაინას, challenger 2-ის ტანკების გარდა, გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებსაც გადასცემენ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ უკრაინისთვის მსგავსი ჭურვების გადაცემის შემთხვევაში რუსეთს მოქმედება მოუწევს.

რუსეთს ჯერ კიდევ იანვარში ეშინოდა, რომ დასავლეთი უკრაინას ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდა. 25 იანვარს ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხების მოლაპარაკებებზე რუსეთი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ გავრილოვმა თქვა, რომ თუ დასავლეთი საკუთარი ტანკებისთვის უკრაინას ურანის შემცველ ჭურვებს მიაწვდიდა, მოსკოვი ამას ე.წ. “ბინძური ბომბის” გამოყენებად ჩათვლიდა.

ურანის შემცველობის მიუხედავად, მსგავსი ჭურვები ბირთვულ იარაღს არ წარმოადგენს.

ტაქტიკური ბირთვული იარაღი სტრატეგიულთან შედარებით დაბალი სიმძლავრისაა და მისი მიზანი ბრძოლის ველზე ტაქტიკური ობიექტების განადგურებაა. რუსეთის შეიარაღებაში ბირთვული შესაძლებლობის მქონეა ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემები.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!