TaoNews.Ge

ფოთის პორტში ნატოს ოთხი ხომალდი შემოვიდა

ფოთის პორტში ნატოს ოთხი ხომალდი შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი CRISTOBAL COLON (ესპანეთი), REGINA MARIA (რუმინეთი), KEMALREIS (თურქეთი) და SMELI (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს.

ფოთის პორტში სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და შინაგან საქმეთ სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დახვდნენ.

„ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.​ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.

მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია“, – ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორიას განცხადებაში.

შენაერთის ვიზიტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ნატოს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!