TaoNews.Ge

უკრაინის სასამრთლომ „ქილერა“ პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადა

უკრაინის სასამრთლომ „ქილერა“ პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადა

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები კიევის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, უკრაინის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა სასამართლო პროცესი და საქართველოს პროკურატურის ძებნილ, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძეს, პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მუხაძის საქართველოში ექსტრადირება გამორიცხულია. უკრაინის სასამართლომ იხელმძღვანელა უმძმეს დანაშაულებში ბრალდებული მუხაძის ჩვენებით – რომ სამშობლოში იგი იდევნებოდა თავისი ანტირუსული შეხედულებების გამო, ასევე ქართველი ოლიგარქებისა და კრიმინალიტეტის მხრიდან განიცდიდა ზეწოლას.

„ქილერა“ საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე არის ბრალდებული და მათ შორის არის პატიმრის წამების საქმე. 2011 წლის მაისში, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა.

წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი. სასურველი ჩვენების მისაღებად, ისევ შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს.

გარდა ამისა, პროკურატურის საგამოძიებო მასალების თანახმად, 2011 წელს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ბესარიონ ხარძიანი მოთავსდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილეში. გიორგი უდესიანი დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაუკავშირდა აღნიშნული საპყრობილის იმჟამინდელ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს და დაავალა პატიმარ ბესარიონ ხარძიანზე ისეთი სახის ზემოქმედება მოეხდინა, რაც ამ უკანასკნელს იძულებულს გახდიდა, მისი და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ბიზნესწილები დაეთმო.

მიღებული დავალების სისრულეში მოყვანის მიზნით, ალექსანდრე მუხაძის მითითებით, პატიმარ ბესარიონ ხარძიანის საკანში მოთავსდა ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც უშუალოდ ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, ნებისმიერი მეთოდით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი, დაეთმო კომპანიების – „კუს ტბა კალასა“ და „კუს ტბა პალასის“ წილები.

აღნიშნული პირები ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდნენ ბესარიონ ხარძიანზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, სცემდნენ და აიძულებდნენ, ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო, რასაც ალექსანდრე მუხაძის დავალებით ასევე ხელს უწყობდნენ საპყრობილის თანამშრომლები.

საქართველოდან ელჩის გაწვევის შემდეგ, უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება რომ პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი, ეს უდავოა. როგორც ცნობილია, უკრაინის ხელისუფლებაში წამყვან თანამდებობას უნარჩუნებენ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლების „მთავარი რეფორმატორია“ – მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სასაჯელს საქართველოში იხდის. უკრაინის ანტიკორუფციულ განვითარებაზე ზრუნავს გიზო უგლავა; უკრაინის გენერალურ პროკურატურაში რჩებიან დავით საყვარელიძე და ზურა ადეიშვილი; უკრაინის საშემოსავლო სექტორი ჩაბარებული აქვს გიორგი ცხაკაიას; საბაჟო სტრუქტურებზე პასუხისმგებელია გია გეწაძე; უკრაინის უშიშროებაზე „ზრუნავს“ გია ლორთქიფანიძე. უკრაინის ხელისუფლების სახე არიან – კოხტა კოდუა და ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძე. უკრაინის პრეზიდენტის მარჯვენა ხელია დავით არახამია, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის რწმუნებულია რუსეთთან მოლაპარაკების ნაწილში.

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მუხაძისთვის უკრაინაში პოლიტდევნილის სტატუსი მინიჭება დიდი შეცდომაა. მისი თქმით, არ ვიცი, რა არგუმენტებით იხელმძღვანელა სასამართლომ, მაგრამ ძალიან კარგადაა ცნობილი ის დანაშაულები, რაც მას აქვს ჩადენილი გლდანის ციხეში – არაადამიანური მოპყრობა, პატიმართა წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა.

„სულ მცირე, ეს არის დანაშაულის ჩამდენი ადამიანის, მწამებელი ადამიანისადმი ხელის დაფარება. მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეს იქნება შემდგომი მსჯელობის საგანი. ახლა უკრაინაში ომია და ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით მწვავე დავებში შესვლას, მაგრამ როცა ამის დრო მოვა, ჩვენი სამართალდამცავი და საპროკურორო სისტემა ამას სათანადო პასუხს გასცემს. მე ვფიქრობ, რომ ეს უკრაინული სასამართლოს მხრიდან დაშვებული დიდი შეცდომა იყო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამიზნულად ანტიქართულ გადაწყვეტილებად აფასებს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომლის განცხადებით, ომის, ტრაგედიის, სისხლისზღვრის მიუხედავად, ოღონდ საქართველოს ხელისუფლებას დარტყმა მიაყენონ, ოღონდ საქართველოს „არაგენმოდიფიცირებულ“ მოსახლეობას სილა გააწნან – ყველაფერზე წამსვლელები არიან.

„უკრაინის სააპელაციო სასამართლომ ამ დღეებში მოიცალა და საქართველოში ძებნილ, სააკაშვილის რეჟიმისდროინდელ, გლდანის ციხისა და გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორ, ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძეს – უკრაინაში საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რაც გამორიცხავს ამ ჯალათის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყებას.

უკრაინის სახელმწიფოს მისი რეალურად დამანგრეველთა არმიას კიდევ ერთი, თავისი საქმის „პროფესიონალი“ შეემატა. ეს ის ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძეა, რომელიც წლებია თავს აფარებს „მეგობრულ“ უკრაინას და რომლის მიმართ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ არის ბრალდებული.

თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ იხელმძღვანელა მუხაძის ჩვენებით – რომ სამშობლოში იგი იდევნებოდა თავისი ანტირუსული შეხედულებების გამო, ასევე (როგორც ყოფილი ძალოვანი) ქართველი ოლიგარქებისა და კრიმინალიტეტის მხრიდან განიცდიდა ზეწოლას და გარდა ამისა, გადიოდა ფიგურანტად მის მიმართ „ფაბრიცირებულ“ სისხლის სამართლის საქმეებში. უკრაინის მოქმედი ხელისუფლების მიმართ, საქართველოს „საბრალდებო სიტყვას“ – სამწუხაროდ მორიგი ახალი თავი დაემატა და, როგორც ჩანს, არა უკანასკნელი“, – აცხადებს დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, საქართველოს  ნებისმიერი მოქალაქე ერთგულია იმ მხარდაჭერისა, რომელსაც იმსახურებს უკრაინელი ხალხი. მაგრამ ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობა იძულებულია და კიევიდან აიძულებენ მოქმედი ხელისუფლების მთელი რიგი უმაღლესი პირები, რომ გაავლონ წითელი ხაზები მათსა და უკვე საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩვენ საქმე გვაქვს ერთ კორპორაციასთან, რომლის ნაწილი დღეს კიევის ხელისუფლებას წარმოადგენს და მეორე ნაწილი საქართველოში ე.წ. ოპოზიცია – კოლექტიური ნაცები, რომლებსაც არ აქვთ სახელმწიფოებრივი განცდა და არ აქვთ ეროვნება. ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წელს საქართველო და საქართველოს მოსახლეობა მიიყვანეს კატასტროფამდე, ქვეყნის ნაწილის ოკუპაციამდე, ეს არის ის ხალხი, რომლებიც იგივეს აკეთებენ ახლა კიევში“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ასეთი განსაკუთრებული მხარდაჭერა იმის შედეგია, რომ თვითონ უკრაინა მხარს უჭერს ნაციონალებს.

„მუხაძისთვის პოლიტიკური თავშეფასფრის მინიჭებაც ამის ილუსტრაციაა. გარდა იმისა, რომ თანამდებობებს აძლევს, ახლა, როცა ომშია რუსეთთან, პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა უმძიმეს დანაშულში ბრალდებული. რაც ნიშნავს იმას, რომ ნაციონალებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის არის ალიანსი. ამ მხრივ ზელენსკის ვერ გამოვყოფთ, რადგან ეს პროცესები პოროშენკოს პრეზიდენტობიდან დაიწყო. ამიტომ, დაფიქრდეს საზოგადეობა. დაფირდეს იმაზე, რომ არ არის გამორიცხული უკრაინის თემამ გააძლიეროს „ნაციონალური მოძრაობა“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!