TaoNews.Ge

საჭიროა, შემსუბუქდეს რიტორიკა და გამოსავლის მოსაძებნად პროცესმა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა.

პრეზიდენტი მიესალმა კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლას და ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებებისა და დიალოგის ხელშეწყობას.

საქართველოს პრეზიდენტმა კრისტიან დანიელსონს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების უფლებებისა და მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესახებ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შედეგიანი იქნება და მისი გამოცდილება დაეხმარება მხარეებს არსებული სიტუაციის დაძლევაში.

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად.

პრეზიდენტის განცხადებით, პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა შეიმჩნევა დაძაბულობის შემოტანის მცდელობები. საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არსებული განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისაკენ სწრაფვა აერთიანებს და ეს არ შეიცვლება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეუთომ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე დადო შესაბამისი დასკვნა, რაც ეჭვქვეშ არ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

დანიელსონის განცხადებით, საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია.

პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველი მაგდალენა გრონო.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!