TaoNews.Ge

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – “დავით ბაქრაძე 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია”

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო უჩივლა, ყველა ელჩის ოფიციალურ წარდგენაზე ხელი მოწერილი ჰქონდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ერთადერთი ელჩი, რომლის წარდგენასაც ხელი არ მოაწერა დავით ბაქრაძეა, ვისი დანიშვნაც მმართველ გუნდს გაეროში სურს.

„37 ელჩი იქნა წარდგენილი, რაც მე გავხდი პრეზიდენტი. 36-ზე ხელი მოვაწერე. მგონი, მაქსიმუმი დრო, რაც გავიდა ერთი კვირა, 10 დღე იყო. მოგცემთ სიას და მათ ჰკითხეთ [რატომ მედავებიან]. ერთი რჩება, 37- ე, დავით ბაქრაძე, რომლის წარდგენა მივიღე 15 ივლისს, რამდენიმე დღის წინ. მათი საკონსტიტუციო სარჩელი დიდი ხნის წინ არის გადაცემული. იმ დროისთვის არცერთი ოფიციალური და ვიმეორებ, ფორმალური წარდგენა, რაც ჩემთან მოვიდა წერილობით, ყველა იქნა დაკმაყოფილებული, მათ შორის ელჩების გამოწვევაზე. ბაქრაძესთან დაკავშირებით არ იყო მოსული მოთხოვნა, ახლა მოვიდა. რასაც არ ამბობენ – არსებობდა ყველა პრემიერის დროს, წინა პრეზიდენტების დროსაც იგივე იყო, ორი ნაწილი ელჩების დანიშვნის პროცესში. ერთი ნაწილია კონსულტაციები, სადაც საგარეო მწერს, კონფიდენციალური ნაწილი, ან დგება შეხვედრა და მერე ამ შეხვედრის ოქმშია არგუმენტები და ის, რაზე შევთანხმდით. და მერე მხოლოდ, როცა შეთანხმებაა, მოდის ოფიციალური წარდგენა. ასე ვმუშაობდით მთელი ეს პერიოდი და საკმაოდ ნორმალურად მიდიოდა ეს პროცესი. გაიჭედა ბაქრაძეზე და რატომ გეტყვით – ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება, ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის, არა იქით, არა აქეთ. მე ვერ შევძელი მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის. ორივე თხოვნა საელჩოსთან მქონდა და ვერაფრით მოხერხდა. ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არცერთი სტატია, არცერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში, რომელიც ჩვენთვის მთავარი მოკავშირეა ვაშინგტონთან, ნიუ-იორკთან და ბრიუსელთან ერთად. წავიდეს სხვაგან. მე შევთავაზე, რომ კანადაში წასულიყო. არა, ეს არ მიიღეს, თქვეს, რომ უთუოდ უნდა წასულიყო გაეროში, რაზეც არ დავეთანხმე. ამ საუბრებისას მოვითხოვე მათგან არგუმენტები – რატომ ეს ადამიანი? რა გააკეთა ისეთი, რასაც თქვენ აფასებთ და მე არ ვიცი?“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება საფრანგეთში ელჩის დანიშვნას, როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ელჩი საფრანგეთში 7 თვის განმავლობაში იმის გამო არ იყო დანიშნული, რომ „ვერ მონახეს ფრანგულენოვანი ელჩი“.

„როცა პრეზიდენტი გავხდი, ვთქვი, რომ გავარკვევ, ჩემს ნაცნობებში, ვინ შეიძლება იყოს და იყო ეს ქალი, რომელსაც ჰქონდა 20-წლიანი გამოცდილება ფრანგ სენატორებთან {ურთიერთობის}. ჰქონდა კარგი ბიოგრაფია, მაგრამ ჩემი დისკრეციით არ იყო არჩეული. მე ვეძებდი ქალებს კარგი ბიოგრაფიით. ჩემი კრიტერიუმი ეს იყო. ჩამოიყვანეს აქ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰქონდა გასაუბრება. პრემიერი მაშინ ბახტაძე იყო, მასთანაც ჰქონდა გასაუბრება, კმაყოფილი იყო ის ამით და ამის შემდეგ დაინიშნა. გამოაგზავნეს ამ ელჩის გამოწვევა? – ხელი მოვაწერე, როგორც ყველა სხვა გამოწვევაზე. რჩება ერთი ბაქრაძის პრობლემა, ამაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში სარჩელი და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს მიღებული ჩემი უმოქმედობა ამ შემთხვევაში. ჯერ არ არის უმოქმედობა, რადგან 15 ივლისის წერილია, რამდენიმე დღის. ვნახოთ, როგორი მოქმედება ან უმოქმედობა მექნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!