TaoNews.Ge

“რუსეთის აგრესიული ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის” – ნატოს საგარეო მინისტრების ერთობლივი განცხადება

“რუსეთის აგრესიული ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის” – ნატოს საგარეო მინისტრების ერთობლივი განცხადება

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. განცხადება ოთხ პუნქტს მოიცავს.

როგორც ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, ნატო არის კოლექტიური თავდაცვის საფუძველი.

” ჩვენ ერთად ვადასტურებთ ვაშინგტონის ხელშეკრულებისადმი საზეიმო ერთგულებას, მათ შორის იმას, რომ ერთი მოკავშირის წინააღმდეგ თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ, რაც გამყარებულია მეხუთე მუხლში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებით, ნატო ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსია, რომელიც უზრუნველყოფს ხუთი მილიარდი ადამიანის თავისუფლებას, ტერიტორიის ერთიანობას და ღირებულებების დაცვას.

„ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და არ წარმოადგენს რამე საფრთხეს რომელიმე ქვეყნისთვის. უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით ნატო მნიშვნელოვნად აძლიერებს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, ალიანსის პოზიციებსა და მდგრადობას, რასაც ხელს უწყობს მისიებისა და ოპერაციების მნიშვნელოვანი განვითარება და პარტნიორებთან უფრო ღრმა ჩართულობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“რუსეთის აგრესიული ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის;  ტერორიზმი რჩება მუდმივ საფრთხედ ყველა ჩვენგანისთვის. ავტორიტარული ხელისუფლებები და არასახელმწიფო აქტორები გამოწვევის წინაშე აყენებენ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო დღის წესრიგს. მათ შორის ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეებით, ახალი ტექნოლოგიების მავნებლური გამოყენებით და სხვა ასიმეტრიული საფრთხეები.”

„კოვიდ-19“-ის პანდემია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ მუდმივად განვითარებადი გამოწვევების წინაშე ვდგავართ; ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თავდაცვისა და ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველყოფას ამ კრიზისის განმავლობაში. პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ამ პანდემიას ებრძვის ჩვენს ქვეყნებსა და მთელს მსოფლიოში“, – ნათქვამია ნატო-ს მინისტრების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!