TaoNews.Ge

როგორ სრულდება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი

როგორ სრულდება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი

ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც, რომელთა განხორციელებაც წელს არის დაგეგმილი. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-აპრილის განმავლობაში ჯამურად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 364 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გეგმით დადგენილ 342 მილიონზე 22 მილიონი ლარით მეტია.

მათ შორის ცალკეული პროექტების დაფინანსება ასე ნაწილდება:

  • ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა – ათვისება 136.3 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმა 124.7 მილიონი;
  • საავტომობილო გზების (გარდა ჩქაროსნული მაგისტრალისა) მშენებლობა და მოვლა-შენახვა – ათვისება 90 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმა 87.3 მილიონი;
  • რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – ათვისება 46.9 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმა 35.7 მილიონი;
  • წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენარეაბილიტაცია – ათვისება 53.9 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმა 56.2 მილიონი;
  • მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა – ათვისება 5.8 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმა 6.2 მილიონი;

2021 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2.36 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. უწყების ყველაზე ძვირადღირებულ პროექტს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა წარმოადგენს, რაზეც წელს 853 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

საქართველოში ინფრასტრუქტურული ხარჯების მოცულობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს IMF-ს. სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ეპიდემიური ვითარება დამძიმდება და ახალი ლოქდაუნი იქნება საჭირო, მთავრობას სოციალური გასაცემლების გაზრდა მოუწევს, ამისთვის კი ბიუჯეტში თანხის გამოძებნა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შემცირებით უნდა მოხდეს.

“კიდევ ერთი ლოკდაუნი ნიშნავს, რომ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება ოჯახებისა და ბიზნესების მხარდაჭერის აუცილებლობა. ამ სცენარში – ამ ჰიპოთეზურ სცენარში – პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს ხარჯების პრიორიტეტიზაცია და არა – გადასახადების გაზრდა. კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი ბოლო 8 წლის განმავლობაში მშპ-ის დაახლოებით 8% იყო – ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი სცენარის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება კაპიტალური ხარჯების შეკვეცა და მისი მიმართვა მიზნობრივი ფულადი დახმარებებისკენ”, – განაცხადა სელიმ ჩაკირმა.

წყარო:Bm.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!