TaoNews.Ge

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა POSTV-ის ხელმძღვანელს შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს.

როგორც ჯაბუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, შალვა რამიშვილმა დაახლოებით 7-8 წლის წინ, სამსახურებრივი გასაუბრების დროს შეავიწროვა.

“ზუსტად არ მახსოვს რომელი წელია. 7-8 წლის წინ დაახლოებით. ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა, არავინ მყავდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ კუთხით. დროებით ხან სად ვმუშაობდი და ხან სად. ჟურნალისტობა მინდოდა მუდამ და სამწუხაროდ, უშედეგო იყო მაშინ ყველა მცდელობა. ჩემი ახლო მეგობარი მუშაობდა შალვა რამიშვილთან (მას ცუდი გამოცდილება არ ჰქონია, თორემ მგლის ხახაში არ შემაგდებდა) მითხრა, რაღაც ტელევიზიის გაკეთებას აპირებს და კადრებს ეძებს, ვეტყვი შენზე და დაგიბაროს იქნებ გასაუბრებაზეო. მეც გამიხარდა, შანსი დავინახე, დავთანხმდი. დამიბარა, მაგრამ ვაჟაზე, ოფისად ქცეულ ბინაში. მივედი. (შალვაზე რაღაცები მსმენია, მაგრამ მე თამამი და გამბედავი ადამიანი ვარ, ჩემი თავის იმედი ყოველთვის მაქვს, ამიტომ “არ შემშინებია” მასთან მარტო დარჩენის).

გასაუბრება ნორმალურად დაიწყო. გამომკითხა რაღაცები, მიხვდა რომ “ცოცხალი” გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო: – შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს( წითელი თმები და პირსინგი მქონდა) დარწმუნებული ხარ რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო? – მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა.

–  ხო გასაგებია, მაგრამ იქნებ რამე შენი გადაცემა გავაკეთოთ. საცურაო კოსტიუმში როგორ გამოიყურები? ეს ცოტა მეუხერხულა, მაგრამ არ დავბნეულვარ – კარგად ალბათ.

– ხოდა ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ… და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?

აი მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე )) არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო ალბათ) ვიფიქრე, იქნებ თემა შემიცვალოს და მეთქი “გეი პორნოს ალბათ”

– ხოო, ახლა რომ ჩაგირთო რას იგრძნობ?

– არ ვიცი

– მოდი ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს)

– რას გრძნობ?

– უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)

– არ გინდა დაან*რიო?

– არა

– მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?

– არ ვიცი

ამის მერე იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში. მე ვპოულობ ძალას, ვდგები რამდენიმე წუთის შემდეგ და კარგი, მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე.

– კაი, კაი, მოიცა. გაგაცილებ. რითი მოხვედი? აი 10 ლარი გამომართვი და ტაქსით წადი.

არასდროს დამავიწყდება ეგ 10 ლარი, რომელიც რობოტივით გამოვართვი და გამოვედი. 2 საათი ფეხით ვიარე, სახლში მისულმა კიდევ აბაზანაში ვიტირე დიდი ხანი. იმ საღამოსვე მომწერა, არ ვუპასუხე. რამდენიმე დღე მწერდა და მერე ჩემს მეგობარს მიწერა, არ მპასუხობს და რა გითხრა? რას აპირებსო?

ეს ამბავი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა აქამდე. ერთხელ ერთ კოლეგას ვუთხარი, რომელიც მასთან მუშაობდა და მე ვმეგობრობდისავით – ნუ, მას შემდეგ წამყვანიც გახდა იმ ტელევიზიაში : ) აი ეს არის შალვა რამიშვილი, აი ასეთი ისტორია არის ძალიან, ძალიან ბევრი და ამ ნაძირალა, ბინძურმა არსებამ მე ვერაფერი დამიშავა, იმიტომ რომ “ძლიერი” აღმოვჩნდი და არ შემეშინდა მისი, მაგრამ რამდენია, ვისაც უდიდესი ტრავმა მიაყენა?! აი ამ კაცთან მუშაობთ და ამ კაცს უსმენთ და მოგწონთ. ფუ”, – წერს ჯაბუა.

ფორმულა შალვა რამიშვილსაც დაუკავშირდა. ის ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ მაკო ჯაბუას არ იცნობს.

კიდევ ბევრი უნდა შეაგროვოთ, ერთი არა – მგონი გამოჩნდებიან სხვებიც. 7-8 წლის წინანდელი არ გამოგადგებათ, სასამართლო პერსპექტივა არ აქვს ამ საქმეს“, – თქვა რამიშვილმა.

***

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ. 2016 წელს მას ტელეკომპანია იმედის თანამშრომელმა თათია სამხარაძემ უჩივლა. სამხარაძე აცხადებდა, რომ რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. სამხარაძე ამბობდა, რომ ამის დამადასტურებელი ჩანაწერი ჰქონდა. რამიშვილი სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფდა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!