TaoNews.Ge

ჟოზეფ ბორელი – საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი არ არის სასარგებლო დემოკრატიისთვის, ყველა პარტიას ვთხოვ, დააყენონ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე და იპოვონ კომპრომისი

ჟოზეფ ბორელი – საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი არ არის სასარგებლო დემოკრატიისთვის, ყველა პარტიას ვთხოვ, დააყენონ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე და იპოვონ კომპრომისი

საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი არ არის სასარგებლო დემოკრატიისთვის, ყველა პარტიას ვთხოვ, დააყენონ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე და იპოვონ კომპრომისი, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, საქართველოში ყველა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა განიხილოს შექმნილი სიტუაციის შედეგები.

„ძალიან მოხარული ვარ, მივესალმო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში. ჩვენ შევხვდით ასოცირების შეთანხმების საბჭოს ფარგლებში, რაც თავისთავად, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან, ის ტარდება თქვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, რადგან შემოდგომას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იპოვოს საერთო საფუძველი და იპოვოს გამოსავალი შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საქართველომ უნდა მოახდინოს რეაგირება კორონავირუსის პანდემიაზე და წინ გადადგას ნაბიჯი რეფორმების ფართო დღის წესრიგში, რომელმაც უნდა მოიცვას საარჩევნო რეფორმა და სასამართლო რეფორმა.

არჩეულმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ლიდერობა. ნება მიბოძეთ, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით ხაზი გავუსვა, რომ წინსვლის გზის პოვნაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას და მთავრობას. ასევე, საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირება არ არის სასარგებლო დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის, პოლიტიკური პლურალიზმისთვის. პარლამენტის ბოიკოტირება ის არ არის, რაც შეიძლება განხილული იყოს, როგორც გამოსავალი პოლიტიკური პლურალიზმის კუთხით.

საქართველოში ყველა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა განიხილოს შექმნილი სიტუაციის შედეგები და ჩვენ ვთხოვთ ყველას, დააყენოს ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე და იპოვოს კომპრომისი“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!