TaoNews.Ge

გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ კახეთში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ, კახეთში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა ინდივიდუალური განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება მოითხოვეს.

სარეგისტრაციო წარმოებისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. ამასთან, განმცხადებელმა პირებმა, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მიზნით, ერთმანეთის სასარგებლოდ იცრუეს და დაადასტურეს, თითქოსდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, მომიჯნავედ, ფლობდნენ უძრავ ქონებას.

მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 122,700 ლარად ღირებულ 79232 კვ.მ. უძრავ ქონებას.

ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთმევათ.

საქართველოს პროკურატურა, ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!