TaoNews.Ge

შსს-მ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინა – ტრეფიკინგის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

შსს-მ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინა – ტრეფიკინგის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის სამი მოქალაქის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი: 1960 წელს დაბადებული ბ.წ. და 1994 წელს დაბადებული მ.წ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბრალდებულები სომხეთის მოქალაქეებს მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობაში, ამის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთმა ფერმიდან გაქცევა მოახერხა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს.

გარდა ამისა, ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ, როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით“, – აცხადებს შონაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებისთვის დანაშაულის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სომხეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფერმიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადა სომხეთის მიმართულებით, რა დროსაც იგი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს.

სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!