TaoNews.Ge

ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი ციხიდან გამოუშვეს

ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. გამომძიებელი ციხიდან რამდენიმე საათის წინ გამოუშვეს. ბრალდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ვადაზე ადრე კომისიამ გაათავისუფლა.

„მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა საბჭოს გადაწყვეტილებით, მას კანონმდებლობით ეხებოდა პირობით ადრე გათავისუფლება, საბჭომ უარი განუცხადა მარიანა ჩოლოიანს, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება,  სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათილად ეცნო საბჭოს  გადაწყვეტილება.კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა ჩოლოიანი. კანონით გათვალისწინებულია ეს კრიტერიუმები, მაგალითად, სასჯელაღსრულებაში ქცევა, შენიშვნა და საყვედური არ უნდა ქონდეს, არ უნდა არღვევდეს შინაგანაწესს. კანონი არ ითვალისწინებს, რომ მოხდეს რაიმე პოზიციის შეჯერებას დაზარალებულ მხარესთან“ – ამბობს ჩოლოიანის ადვოკატი.

ჩოლოიანის გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახისთვის. სირაძის ძმის თქმით, ჩოლოიანმა გათავისუფლება სისტემაში მომუშავე მეგობრების საშუალებით შეძლო.

მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს.

გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.

ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად  2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!