TaoNews.Ge

“მარო მაყაშვილის სახელობის პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა” – გიორგი კეკელიძე

კეკელიძე სისტემატურად სთხოვდა შიშველი ფოტოების გაგზავნას, მათ შორის მაშინაც, როცა ორსულად იყო

რადიო თავისუფლების ცნობით, ტაეკვანდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონი და 8-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს მიიღოს სტიპენდია, რომლის ინიციატივაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის. კეკელიძემ რადიო თავისუფლების მიერ სალომესთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ თქვა, რომ მზად იყო დაენიშნა მისთვის მარო მაყაშვილის სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში, თვეში 100 ლარის ოდენობით.

სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბრობს სალომეს უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, რომელიც გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. 2021 წელს მან ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ კეკელიძე სისტემატურად სთხოვდა შიშველი ფოტოების გაგზავნას, მათ შორის მაშინაც, როცა ორსულად იყო. გიორგი კეკელიძე ამ დროს სხვა ქალებმაც ამხილეს სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა არც ერთ მათგანს მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არ დაუწყია. თავად კეკელიძემ მაშინ მისი მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება უარყო და თქვა, რომ გახმაურებული შემთხვევები “ფლირტი იყო.”

სოფია კენჭიაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე, წერს:

“ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს.

არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს.

არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.

არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი”

ის თვლის, რომ ძალადობაში მხილებულ ადამიანს არ აქვს მორალური უფლება გასცეს მისი სახელით მარო მაყაშვილის სტიპენდია. ამავდროულად სალომე კენჭიაშვილი არ არის წინააღმდეგი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაუნიშნოს მას სტიპენდია.

სალომე კენჭიაშვილის გიორგი კეკელიძის მიერ ინიცირებული სტიპენდიის გარდა,  creative education studio-მ დაუნიშნა ულიმიტო სტიპენდია მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც საშუალებას მისცემს გაიაროს ნებისმიერი სასწავლო კურსი სტუდიაში, როცა ამის სურვილი ექნება. ასევე, საზღვარგარეთ სასწავლო კურსების მიმართულებით მომუშავე კომპანია one world ორკვირიან საზაფხულო ბანაკში აგზავნის ბუდაპეშტში.

წყარო – რადიო თავისუფლება

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!