TaoNews.Ge

თეატრ „გლობუსს“ სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა

თეატრ „გლობუსს“ სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა

10 თებერვალს, გამოჩენილ ქართველ თეატრალურ რეჟისორს, სანდრო მრევლიშვილს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრ „გლობუსს“, მისი, როგორც დამფუძნებლის, სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ნფორმაციით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სანდრო მრევლიშვილის სახელს ქართული თეატრის ისტორიაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, მან არაერთი თაობა აღზარდა და ოთხი თეატრი დააარსა. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა სრულად გაიზიარა თეატრალური საზოგადოების მოთხოვნა, რომ სანდრო მრევლიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრ „გლობუსს“ მისი სახელი მიენიჭოს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან ეს თეატრი გაათმაგებული პასუხისმგებლობით განაგრძობს იმ შემოქმედებას, რომელსაც სანდრო მრევლიშვილი ეწეოდა მისი ცხოვრების მანძილზე“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.
სანდრო მრევლიშვილი 1958 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1959 წელს გიორგი ტოვსტონოგოვის რჩევით სწავლა განაგრძო ლენინგრადის თეატრალურ აკადემიაში, რომელიც 1963 წელს დაასრულა. 1963-1966 წლებში დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1966-1973 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1973 წელს დააარსა სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 1994 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში. 2004 წელს რეჟისორის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 2014 კვლავ დაინიშნა იგივე „გლობუსის“ სამხატვრო ხელმძღვანელად და აღნიშნულ თანამდებობას, გარდაცვალებამდე იკავებდა.
სანდრო მრევლიშვილს დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი. აღსანიშნავია მისი დრამატურგიული მოღვაწეობაც. მისი პიესების კრებული მოიცავს 11 პიესას. ამასთანავე, ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ის არის ორი სახელმძღვანელოს ავტორი.
სხვადასხვა წლებში სანდრო მრევლიშვილს მიღებული აქვს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ღირსების ორდენი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის ჯილდო, გიორგი ერისთავის სახელობის პრემია და სახელმწიფო პრემია სპექტაკლისთვის “მარტორქები ორკესტრში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გელათის კომპლექსის 2 ტაძარზე გარემო პირობების საზედამხედველო სისტემის ინსტალაცია დასრულდა

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობისა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გარემო პირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის ინსტალაციის პროცესი დაასრულა.
წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ცენტრალური სივრცეების სხვადასხვა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ჭრილებზე საერთო ჯამში 18 შიდა სენსორი განთავსდა. მონიტორინგის სისტემები ინსტალირდა მთავარი ტაძრის საკურთხეველში, ეკვდერებსა და კარიბჭეებში. კომპლექსის ეზოში დამონტაჟდა სისტემის გარე სენსორი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, საზედამხედველო სისტემის საშუალებით შესაძლებელი გახდება მაკროკლიმატისა (გარეთ არსებული გარემოს) მიკროკლიმატის (შიდა სივრცეები) ურთიერთქმედების შეფასება და კედლის მხატვრობის მდგომარეობაზე მათი გავლენის განსაზღვრა. მონიტორინგის სენსორების მეშვეობით ტენიანობისა და ტემპერატურული პარამეტრების წლის ოთხივე სეზონზე გაზომვისა და სრული მასშტაბით კედლის მხატვრობის გაღრმავებული კვლევის საფუძველზე სპეციალისტებს მხატვრობის კონსერვაციის მართვის გეგმისა და მისი განხორციელების სტრატეგიის შემუშავების საშუალება მიეცემათ. ეროვნულმა სააგენტომ გარემოპირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემა მიმდინარე წელს შეისყიდა. მისი ინსტალაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის 2 ტაძარზე 3 და 4 დეკემბერს განხორციელდა.
გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის სრულფასოვანი კონსერვაციის საპროექტო დოკუმენტაცია, მისი დაზიანებული კრამიტის სახურავის რეაბილიტაციის თანმდევად, მომავალი წლიდან შემუშავდება. კონსერვაციის პროექტი კვალიფიციურ მხატვარ რესტავრატორთა ჯგუფისა მიერ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდება.
საპროექტო მასალების მომზადებისა და გადახურვის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, კულტურული მემკვიდრების დაცვის ეროვნული სააგენტო ღვთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებს განახორციელებს.

ანსამბლი „რუსთავი“ „არტოს ბაღში” კონცერტს გამართავს

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” 30 ოქტომბერს, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე “არტოს ბაღში” კონცერტს გამართავს, სადაც ტრადიციულ პროგრამას-სიმღერებსა და ცეკვებს წარმოადგენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანსამბლ “რუსთავის” პრესსამსახურიდან აცნობეს.
ანსამბლის დირექტორის, ამირან თოიძის განცხადებით, “რუსთავს” დიდი ხანია დაგეგმილი აქვს “არტოს ბაღში” სოლო კონცერტის გამართვა, თუმცა აქამდე ხელის შემშლელი პირობები ბაღისა და შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოების გარდა, covid-19-ის პანდემიამ განაპირობა.
„მოგეხსენებათ „არტოს ბაღში“, სადაც ჩვენი ანსამბლი მოღვაწეობს არაჩვეულებრივი სივრცეა კონცერტებისა და კულტურული ღონისძიებების გასამართად. ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და ბატონი ფრიდონ სულაბერიძე დიდი ხანია ამზადებდნენ მომღერალ-მოცეკვავეებს ამ კონცერტისთვის, თუმცა შექმნილმა რეალობამ აქამდე ამის საშუალება არ მოგვცა. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ კონცერტით თბილისს შემოდგომის ერთ ლამაზ შემოქმედებით საღამოს ვაჩუქებთ. კონცერტზე დასწრება უფასო იქნება და ჩვენი ანსამბლის რეპერტუარის მოყვარულებს სასიამოვნო საღამო ელით“,-განაცხადა ამირან თოიძემ.

 

 

 

 

სააგენტო – ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წელსაა დაგეგმილი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით გრძელდება ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულებაც 2021 წელსაა დაგეგმილი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 4 წლის განმავლობაში ეროვნული სააგენტოს დაკვეთით წარმართულმა სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო ეტაპებმა ნოქალაქევის ქვედა ნაქალაქარის ყველა არქიტექტურული სეგმენტი მოიცვა, რაც საიდუმლო გვირაბის, ეიფელის კონსტრუქციის რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, სამეფო აბანოებისა და უნიკალური წყალსაცავის სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა.
მათივე ცნობით, კომპლექსზე დასრულდა ორმოც მოწამეთა სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობისა და ფასადის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა.
“ტაძრის სახურავი საქართველოში სპეციალური წესით დამზადებული კრამიტით შეიცვალა, რომლის ავთენტური ფორმის განსაზღვრაც არქეულოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი. თანამედროვე კონსტრუქციული ჩანართებით აღდგა კომპლექსის ისტორიული მარანი, რომელიც ახლო მომავლიდან საგანმანათლებლო-შემეცნებით სივრცედ ჩამოყალიბდება. დაიწყო ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც გაწმენდითი და არქეოლოგიური შესწავლის პროცესის შემდეგ, კონსერვირდა არქიტექტურული ფრაგმენტები. უკვე დასრულდა ნაქალაქარის მთავარი გალავნისა და ციტადელის შემაერთებელი საფეხმავლო ბილიკის კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულების ფაზაშია ქვედა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურული პროექტი. მოეწყო სავალი ბილიკები, საპირფარეშოები, წყალმომარაგების, განათებისა და ხანძარსაწინაარმდეგო სისტემები. არქიტექტურული კომპლექსი აღიჭურვა საინფორმაციო ბანერებით. კეთილმოეწყო ავტოსაპარკინგე სივრცე. ნაქალაქარის არეალებზე დამონტაჟდა მხატვრული განათების სისტემა, რომლითაც ფასადები ეფექტურად წარმოჩინდა. ისტორიული კონტექსტის რეკონსტრუქციისთვის ნაქალაქარის ტერიტორიაზე განთავსდა ანტიკური პერიოდის მეომართა ლითონის ბადისაგან დამზადებული საიმიტაციო ფიგურები და ხის კონსტრუქციის საბრძოლო მანქანები, რომლებიც უკვე იქცა ტურისტულ ატრაქციად. 2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სააგენტოს პროგრამული ბიუჯეტიდან ჯამში 14 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული.
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში მასზე განთავსებული იყო ერისთავ ქუჯის რეზიდენცია. IV-VIII საუკუნეებში კი ნოქალაქევი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს”, “არქეოპოლისს” წარმოადგენდა.
ეგრისის სამეფო რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით. სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა” გუმბათიანი ტაძრი (VI ს.).
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობა 2021 წელს დასრულდება
ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსის საკონსერვაციო -ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა” ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ფილმი – „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მილანში, სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

ქართველი რეჟისორის, გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი – „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მილანში, სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალზე, სადაც 123 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გოგი თორაძის ფილმი დასახელდა ლაურეატად და ერთ-ერთ გამარჯვებულად ნომინაციაში – მოკლემეტრაჟიანი სატელევიზო ფილმები ფეხბურთზე.
„24-წუთიან დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია ძმები არველაძეების ისტორია, რომლებიც მსოფლიოში გამოირჩევიან, როგორც სამი ძმა, ვისაც ერთდროულად უთამაშია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.
გოგი თორაძემ შოთა, არჩილ და რევაზ არველაძეების შესახებ დოკუმენტური ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალზე წარსადგენად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით მოამზადა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გოგი თორაძის ფილმი ქართული ფეხბურთის ისტორიაზე – „ჩვენი ფეხბურთი“ ასევე მილანის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი გახდა, ხოლო ფილმმა „ქართული კალათბურთი“ იტალიაში გამართულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო.
ქართველი კინორეჟისორი სპორტული თემატიკის სხვა არაერთი საინტერესო დოკუმენტური ფილმის ავტორი და სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!