TaoNews.Ge

თბილისში 27 ოჯახს ბინა გადაეცემა – კახა კალაძე

თბილისში 27 ოჯახს ბინა გადაეცემა – კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში 27 ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემა ჰქონდა, დღეს ბინები გადაეცემა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოთ რაიონის გამგეობებს, სადაც დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას თუ რა საბუთები არის შესაგროვებელი იმისთვის, რომ ბინები დაუკანონდეთ.

„ჩვენ ძალიან ბევრ კარგ, მნიშვნელოვან პროგრამას ვაფინანსებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ. ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ამ რთულ ვითარებაში, პანდემიის პირობებში დაფინანსების თვალსაზრისით ერთი თეთრი არ დაკლებია, ეს იყო ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება.

წლევანდელ ბიუჯეტშიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ამ ადამიანების და ოჯახების დახმარება, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა.

ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი კარგი და მნიშვნელოვანი მიმართულება არის საცხოვრებელი ფართის დაკანონება სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ამ ბინებში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები.

გვაქვს პროგრამა სადაც 6-7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ის ოჯახები, ის ადამიანები, ვისაც არ აქვთ სახლი, არიან სოციალურად შეჭირვებულები, დავეხმაროთ და იჯარით გავიყვანოთ, მაგრამ არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონების გატაცება და შემდეგ შენობა-ნაგებობების განთავსება მოხდეს.

27 ოჯახს, რომელსაც წლების განმავლობაში დაკანონების პრობლემა ჰქონდა, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ბინები – დაუკანონდება. ამ მიმართულებით 1 500-ზე მეტ ოჯახს უკვე დავეხმარეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!